ახალი ამბები
გორის ჰოსპიტლიდან 30-მდე პერსონალი გაათავისუფლეს – მათ შორის გახარიას პარტიის გორის ორგანიზაციის ლიდერის დედა და მეუღლე
გორის ჰოსპიტლის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი და მედპერსონალი სამსახურიდან გაუშვეს. ამის შესახებ ზეპირი გადაწყვეტილება თითოეულმა მათგანმა 2021 წლის 21 დეკემბერს მიიღო.

საავადმყოფოს დირექტორმა მალხაზ ურთქმელიძემ 30-მდე თანამშრომელს აცნობა, რომ მათ ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ და სამედიცინო დაწესებულებას უნდა დაემშვიდობნონ.

გათავისუფლებულებს შორისაა გახარიას გუნდის გორის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის დედა და მეუღლე. პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლის ოჯახის წევრები სამხედრო ჰოსპიტალში დიდი ხანია მუშაობენ. კერძოდ, როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი ამბობს, დედა მუშაობს ჰოსპიტლის დაარსებიდან – 2007 წლიდან. ხოლო მეუღლე – 2013 წლიდან.

,,ვითარება იქამდე მივიდა, რომ მეუღლეს მოსთხოვეს მეუღლესთან განქორწინების მოწმობაც კი. უსაყვედურეს, რომ მისმა მეუღლემ სატელევიზიო ეთერში ჰოსპიტლის მუშაობა გააკრიტიკა" - ამბობს იურისტი ლექსო მერებაშვილი.

როგორც გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებენ, არასანდო პერსონალის შავი სია სუს-ის რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენელმა, სოფელ ხიდისთავში მცხოვრებმა ოთარ ნონიკაშვილმა შეადგინა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი კი სასამართლოში წარსადგენად სარჩელს ამზადებს. ის უკვე ჩაერთო საქმის შესწავლაში და რამდენიმე გათავისუფლებულის რწმუნებით სარგებლობს:

,,დაახლოებით 7 დღეში ჩაგვბარდება ბრძანება. საქმე იმაშია, რომ გორის ჰოსპიტალი არ სარგებლობს შრომის კოდექსით დადგენილი წესით. თანამშრომლებს ერთწლიან ხელშეკრულებებს უფორმებს და არ ითვალისწინებს იმ დათქმას, რომლის მიხედვით შესაძლებელია თანამშრომლების მუდმივი დასაქმება. სწორედ, ეს ბერკეტი გამოიყენა სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა და აღარ გაუგრძელა ხელშეკრულება. ეს ადამიანები კი დიდი ხანია მუშაობენ ჰოსპიტალში, არაერთი მადლობა დაუმსახურებიათ და წლების განმავლობაში შენიშვნაც კი არ მიუღიათ. იმის ნაცვლად, რომ დირექტორს მათთვის ადრევე უვადო ხელშეკრულება გაეფორმებინა, სამსახურიდან გაათავისუფლა, თანაც პოლიტიკური ნიშნით" - აღნიშნავს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი.

კონკრეტულად მას 3-მა ადამიანმა მიმართა. რაც შეეხება დანარჩენს, ჩვენთვის უცნობია, თუ რას აპირებენ ისინი.

გახარიას გუნდის წარმომადგენელი, რომლის ოჯახის ორი წევრი გორის ჰოსპიტლიდან გაუშვეს, ჯერჯერობით ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს. ის დარწმუნებულია, რომ სამართლებრივ დავის მეშვეობით აღადგენს ოჯახის წევრების შელახულ უფლებებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები