ახალი ამბები
ჯავაში ექიმები აცხადებენ, რომ რაიონის მოსახლეობას კორონავირუსის მიმართ კოლექტიური იმუნინეტი გამოუმუშავდა
ჯავის რაიონის მაცხოვრებლებს აქვთ "ერთგვარი კოლექტიური იმუნიტეტი კორონავირუსის მიმართ", - განაცხადა რაიონული საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა კონსტანტინე გასიევმა.

ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედია ავრცელებს.

ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით, დღეს დე-ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, ,,რესპუბლიკის'' მასშტაბით, კორონავირუსი 10 422 მოსახლეს შეხვდა. გამოჯანმრთელებულია 10 205 ადამიანი.

რაც შეეხება ჯავის რაიონს, რომელიც ძირითადად კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთის ნაწილზე ვრცელდება, ჯავის საავადმყოფოს ექიმის განცხადებით, აქ პანდემია დასრულდა:

"ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან პანდემია დასრულდა, რადგან ხალხი მასობრივად აღარ არის დაავადებული. რა თქმა უნდა, არის ერთეული შემთხვევები, რომლებიც ლოკალიზებულია ან თვითიზოლაციის რეჟიმით გრძელდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დროისთვის მოსახლეობას აქვს გარკვეული კოლექტიური იმუნიტეტი", - განაცხადა მთავარმა ექიმმა.

როგორც ექიმი აცხადებს, იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსი გადაიტანა, ამჟამად პოსტ-კოვიდური პერიოდისთვის დამახასიათებელი ჩივილები აქვთ:

"ახლა ჩვენთან ბევრი პაციენტი მოდის, რომლებიც ჩივიან, რომ კოროვირუსით გამოწვეული რაღაც "დაავადებები" ​​აქვთ. მათთან მუშაობს თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი და სხვები.", - დასძინა გასიევმა.

ექიმის ინტერვიუდან ირკვევა, რომ რაიონში ჯერ ახალი შტამი, ომიკრონი არ გავრცელებულა. ვარაუდობენ, რომ მას შემდეგ რაც რუსეთთან გზა გაიხსნება, ,,ომიკრონის'' შემთხვევები მოიმატებს.

"რუსეთში ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა და სავარაუდოა, რომ ეს ვირუსი ჩვენთანაც მოვა, ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ ისევ კორონავირუსის სიხშირის ზრდას, მაგრამ უცნობია, რა ფორმით, "- თქვა მან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები