ახალი ამბები
ნასოფლარში დატოვებული ძაღლი გადაარჩინეს
3 დღის განმავლობაში ცხოველთა დამცველები სოციალურ ქსელში აცხადებდნენ, რომ გორის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ წერეთში ძაღლი იყო დატოვებული.

თავდაპირველად, ეს ცნობა უცნობი პიროვნებისგან გავრცელდა, თუმცა ვერ გაარკვიეს, ვინ იყო.

ფაქტის შესახებ გორში მცხოვრებს, ცხოველთა დამცველ ირმა მთიულიშვილს აცნობეს. ირმამ იმ ადამიანების ძებნა დაიწყო, ვინც წერეთში ასვლას და ძაღლის ჩამოყვანას შეძლებდა. ამჟამად, ტანას ხეობაში თოვს და გზები ჩაკეტილია.



,,დავიწყე ძებნა ხალხის, ძირითადად, იმ სოფლებში ვეძებდი ხალხს, ვისაც დიდი მანქანა ჰყავს. იყო რამდენიმე, რომელსაც მხოლოდ საწვავი ჭირდებოდა. გუშინ შმაგი ბერუაშვილი გამოგვეხმაურა და გვითხრა, რომ ტრანსპორტირების ხარჯს სრულად აანაზღურებდა'' - ამბობს ირმა მთიულიშვილი.

ირმა მთიულიშვილი 13 იანვარს ცდილობდა, რომ საწვავი სოფელ ბოშურში მცხოვრებ ადამიანებისთვის მიეწოდებინა, თუმცა ვერ შეძლო. სამაგიეროდ, დღეს 14 იანვარს, მას გორში მცხოვრები გეკა ძიძიგური დაუკავშირდა და აცნობა, რომ მზად იყო თავისი ტრანსპორტი ძაღლის ჩამოსაყვანად გამოეყენებინათ:



,,დღეს დილით დაგვიკავშირდა გეკა და გვითხრა, რომ ჩემი მანქანით წავიდეთო. ასე შევგვროვდით კეთილი ადამიანები და ჩამოვიყვანეთ ძაღლი'' - ამბობს ირმა მთიულიშვილი.

შმაგი ბერუაშვილი გორის ,,მადაგონის'' მენეჯერია. მისი თქმით, რომ არ ყოფილიყო გეკა ძიძიგური და მისი მეგობრებო, რომლებიც ,,გორის ოფროუდ კლუბის'' წევრები არიან, მისი სურვილი ასრულებას ვერ შეძლებდა.

,,მე უბრალოდ მაინტერესებს, რატომ დატოვეს ან ვინ დატოვა ძაღლი ასეთ უკაცრიელ ადგილზე? ის აუცილებლად ნახავს ამ ამბავს და მინდა, რომ გამოგვეხმაუროს. რატომ გაიმეტა ძაღლი მგლების შესაჭმელად და გასაყინად'' - ამბობს შმაგი ბერუაშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები