ახალი ამბები
გორში მე-5 სკოლის მოსწავლეთა მშობლები ჩივიან, რომ პროფილაქტიკის მანქანები მისასვლელ გზას კეტავს
გორში მე-5 სკოლის მოსწავლეებს გადაადგილებაში პროფილაქტიკის ავტომანქანები უშლის ხელს.

ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' სხდომაზე იმსჯელეს. საკითხი მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც დეპუტატობის კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობას ხვდებოდნენ.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს საკრებულოს წევრს მარლენ ნადირაძეს უთხრეს, რომ მოსახლეობა პროფილაქტიკის მანქანებით შეწუხებულია.

,,შევხვდი ყიფიანის ქუჩაზე მოსახლეობას, დაახლოებით 10-12 ადამიანს. განაცხადეს, რომ პრობლემას წარმოადგენს აღნიშნულ ქუჩაზე პროფილაქტიკის მანქანები. საკითხი შესასწავლად გადავეცით მერიას'' - განაცხადა მარლენ ნადირაძემ ფრაქციის სხდომაზე.

დღეს ყიფინიანის ქუჩიდან მეხუთე სკოლის მიმართულებით გზა კვლავაც პროფილაქტიკის მანქანებითაა სავსე:

,,რა უნდა შეცვლილიყო? ავტოპროფილაქტიკა ისევაა, მაგისი დანიშნულება ეგაა, რომ მანქანები გააკეთოს. გზა ფართოა, როგორც ვიცი, ხელი ეშლებათ, რა გავაკეთოთ. არ ვიცი" - გვითხრა გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები