ახალი ამბები
გორის მერია უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს ბინის ქირას დაუფინანსებს
გორში უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს გორის მერია ბინის ქირას დაუფინანსებს. ამის შესახებ მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მათთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მათ მერიის შენობაში შეხვდა და სასურსათო პაკეტები, ჰიგიენის საშუალებები და ტანსაცმელი გადასცა.

"კიდევ ერთხელ ვუცხადებ მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს. ჩვენ კარგად ვიცით თავისუფლების და მისთვის ბრძოლის ფასი. იმედი მაქვს, ომი მალე დასრულდება და თითოეული უკრაინის მოქალაქე დაუბრუნდება თავის საცხოვრებელს. შევხვდი გორის მუნიციპალიტეტში მყოფ უკრაინელებს. მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ და სასურსათო პაკეტები გადავეცით. გარდა ამისა, უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს მერია დაუფინანსებს ბინის ქირას." - გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

გორის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში, რომელიც ბინის ქირის გადახდას უზრუნველყოფს, წერია, რომ:

,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართში, ერთჯერადად, თვეში 150 ლარით ქირით უზრუნველყოფის დაფინანსებას მიიღებს გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი ბენეფიციარი.''

ამავე დადგენილებაში ვკითხულობთ, თუ რას ითვალისწინებს ერთჯერადი სოციალური დახმარება, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან ამოქმედდა:

"მუხლი 24​ (პრიმა 1). ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება

1. გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იმ ოჯახების დახმარების საკითხი, რომლებიც ამ წესში გათვალისწინებულ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან და დახმარების თხოვნის მომენტში, სხვადასხვა მიზეზების გამო, განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, განიხილება ამ მუხლის შესაბამისად.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახის დახმარების ოდენობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ, არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები