ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ქინდერის“ საეჭვო პარტიებთან დაკავშირებით ახალი შეტყობინება მიიღო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 28 აპრილს, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღო ახალი შეტყობინება, ბელგიაში, Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით სავარაუდო დაბინძურების შესახებ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი ღონისძიებები უკვე დაიწყო - იმპორტიორ კომპანიას დაავალა კონკრეტული პარტიების რეალიზაციიდან ამოღება ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და გატარებული ქმედებების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება. ამავდროულად, ბიზნესოპერატორთან ტარდება არაგეგმური ინსპექტირება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიმდინარე წლის 7 აპრილსაც მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ, რის შემდეგაც მყისიერად დაიწყო კონკრეტული პარტიის გამოვლენის პროცედურები, თუმცა, მაშინ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არცერთი საეჭვო პარტია არ გამოვლენილა.

ევროპაში - დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების „ქინდერის“ შოკოლადის პროდუქტის Salmonella Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან. აღნიშნულთან დაკავშირებით განხორციელდა სურსათის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოთხოვა, რეალიზაციის აკრძალვა და მომხმარებელთა ინფორმირება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები