ახალი ამბები
სოფელ უფლისციხის მოსახლეობას ეპიდემიის საფრთხე ემუქრება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში მოსახლეობა ეპიდემიის საფრთხის წინაშეა. ფეკალური მასები საცხოვრებელი კორპუსების ეზოებსა და ბაღებში მიედინება.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ აუცილებელია დაზიანებული საკანალიზაციო ჭების გაწმენდა.

,,საკანალიზაციო სისტემა დიდი ხანია დაზიანებულია. პერიოდულად იწმინდება ჭები, მაგრამ გაუსაძლისი მას შემდეგ გახდა, რაც ნალექი მოვიდა. წვიმებმა და წყალმა გაავსო ჭები. მთელი ფეკალური მასა ახლა საცხოვრებელ კორპუსებსა და სახლებში შედის. საჭიროა, დროულად ამოსუფთავდეს'' - გვითხრეს უფლისციხეში.

დასახლებაში ისიც გვითხრეს, რომ ფეკალური მასები იმ უბნებამდეც მიაღწია, სადაც საკანალიზაციო სისტემა არაა, თუმცა ისინიც ზარალდებიან.

პრობლემის შესახებ მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას აცნობას.

გორის მერიას უფლისციხის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი გამოცხადებული აქვს, თუმცა რეაბილიტაციამდე მოსახლეობა შველას ითხოვს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები