ახალი ამბები
გორის ,,ენმ'' დაჟინებით ითხოვს, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკრებულოს სხდომაზე გამოცხადდეს
გორის ,,ენმ'' დაჟინებით ითხოვს, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკრებულოს სხდომაზე გამოცხადდეს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს.

,,ენმ''-ს წევრების ეს უკვე მეორე მოთხოვნაა, თუმცა გორის მერი მათ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს. ამის გამო, პარტიის წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი ვალდებულია კვარტალში ერთხელ საკრებულოს ბიუროს და ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს სხდომას წარუდგინოს ანგარიში თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

ამავე რეგლამენტის მიხედვით, განსაზღვრულია კონტროლის მექანიზმები, რომლითაც საკრებულოს წევრებს შეუძლიათ მერის საქმიანობა. ასე, მაგალითად:

საკრებულოს კომისიები დარგების მიხედვით აკონტროლებენ შესაბამის სამსახურების საქმიანობას, პერიოდულად ისმენენ მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ, შეიმუშავებენ სათანადო რეკომენდაციებს და დასკვნებს და წარუდგენენ საკრებულოს ბიუროს სხდომას განსახილველად.

საკრებულოს ბიურო პერიოდულად, მის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად ისმენს თვითმმართველობის თანამდებობის პირების ანგარიშებს, აძლევს მათ შეფასებებს და საჭიროების შემთხვევაში აყენებს მათ პასუხისმგებლობის საკითხს.

საკრებულოს ბიუროს კი ამ დრომდე მიზანშეწონილად არ მიაჩნია საკრებულოს სხდომაზე მერის წარდგენა.

რაც შეეხება კითხვებს, რომელიც საკრებულოს ოპოზიციურ წევრებს აქვთ, ეხება კულტურის ცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა კულტურის ცენტრის ბუღალტერი - საბიუჯეტო თანხების მითვისების ფაქტზე. მანამდე, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კულტურის ცენტრში ბიტკოინების საწარმოა გახსნილი.

სუს-მა გამოძიება დაიწყო, თუმცა გამოძიების დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, გაავრცელეს ახალი ვერსია, რომ კომპიუტერები დამწვარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საქმიანობით ჩართული პირები ,,გადარჩებიან''.
Print

სტატიის გამოყენების პირობები