ახალი ამბები
ლელა გურგენაშვილი და 23 ძაღლი


ლელა გურგენაშვილი გორში ცხოვრობს. ის ქალაქში მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნავს. 23 ძაღლი კი თავის სახლში ჰყავს შეფარებული.

ცდილობს, რომ გორში არსებულ ძაღლების პრობლემა ნაწილობრივ მაინც მოგვარდეს. ფიქრობს, რომ ერთ-ერთი გზა მიუსაფარი ცხოველების შემცირებისა ისაა, რომ არ მოხდეს ბუნებრივი გზით გამრავლება:

,,ჩემი აზრით, ყველა ადამიანი უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ ძაღლი იყოს გასტერილებული; რომ აღარ მოხდეს გამრავლებას. ეს არის ერთ-ერთი გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად’’ - ამბობს ლელა.

მას შეფარებული ჰყავს ის ძაღლები, რომლებიც ქუჩაში მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, განსაკუთრებით ლეკვები:

,,აქ რა ძაღლებიც მყავს, თითქმის ერთად არიან გაზრდილები. ზოგი ლეკვი იყო, გაყრილი დედიანად. ზოგი ავად იყო, ნაცემი, ან მანქანას ჰქონდა დარტყმული. ყველა გასტერირებული ან კასტრირებულია’’ - გვეუბნება ლელა.

მისი სახლი გორის გარეუბანში, წმინდაწყალზე ერთ-ერთ ნაკვეთშია აშენებული, თუმცა დაუმთავრებელია:

,,წლების წინ კორპუსის ბინა გავყიდე. იმ თანხით ნაკვეთი ვიყიდე და ამ ნაკვეთში დავიწე სახლის მშენებლობა, მაგრამ რაც შემიძლია, ნელ-ნელა ვამატებ რაღაცეებს. მანამდე ეს ძაღლები არიან აქ. აქ ცხოვრობენ.’’- ამბობს ლელა.

მისი აზრით, ხელისუფლებაც, ხალხიც და მათ შორის მუნიციპალური თავშესაფრის წარმომადგენლობაც უნდა ზრუნავდეს იმას, რომ მაქსიმალური ყურადღება დაეთმოს ძაღლების პოპულაციის ზრდის შემცირებას.

,,მე მაგალითად, თავშესაფრის დირექტორი რომ ვიყო, ყულფებით ძაღლების დაჭერისგან თავს შევიკავებ. ცოტა სხვა მიდგომა ჭირდება. ძაღლი ეგრე ადვილად არ გაყოფს ყულფში თავს. ის მერე ხდება აგრესიული. ან გარბის და ტოვებენ სხვა უბანში, ხვდება სხვა გარემოში და იქ აგრესიული ხდება.’’ - აცხადებს ლელა გურგენაშვილი.

მისი სურვილია, რომ თავშესაფარმა ამ კუთხით მუშაობა გააგრძელოს. ერთ-ერთი ბოლო ფაქტი, რაც მას გორის ცხოველთა თავშესაფრის წარმომადგენლებთან შეემთხვა, არის ის, რომ ძაღლი გასასტერილებლად გაატანა, თუმცა უკან აღარ დაუბრუნეს:

,,8 მაისს გავატანე ძაღლი გასასტერილებლად. ძალიან ცუდად იყო ძაღლი, თორემ მე მივხედავდი. უკან აღარ დამიბურნეს, სად გაუშვეს, არ ვიცი. ვითხოვ, რომ უკან დამიბრუნონ ის ძაღლი, უფრო სწორად მიმკედლებელი მთხოვს’ - აცხადებს ლელა.

იგი მოსახლეობას ეხმარება იმაში, რომ მიუსაფარი ცხოველები ნორმალური მეთოდებით გადაიყვანონ თავშესაფარში, შემდეგ კი იმავე უბანში დააბრუნონ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები