ახალი ამბები
სათამაშო ბიზნესიდან გორის ბიუჯეტში შემოსავალმა იმატა
გორში სათამაშო ბიზნესიდან შემოსავალი მატულობს. ეს ინფორმაცია გორის ბიუჯეტის პირველი კვარტლის ანგარიშშია ასახული.

პირველ კვარტალში გეგმით გათვალისწინებული იყო 25 ათასი ლარის მობილიზება მოსაკრებლის სახით. თუმცა, როგორც მერიიდან გვაცნობეს, მობილიზებულია უკვე 45 ათასი ლარი. შესრულებამ შეადგინა 180,8%.

მოსაკრებლის შესახებ კანონის მიხედვით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას.

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელია აგრეთვე "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი).

მერიამ პირველი კვარტლის ანგარიში უკვე გამოაქვეყნა. საინტერესოა, რა მდგომარეობაა სხვა გადასახადების მობილიზების კუთხით.

2022 წლის პირველ სამ თვეში შემოსულობების სახით განსაზღვრული იყო 14 მლნ 305 800 ლარი. ფაქტიურად მობილიზებულია 14 მლნ 652 100 ლარი, შესრულებამ შეადგინა 102,4 გეგმის ზევით შემოსულია 346,3 ათ. ლარი.

განსაკუთრებით, თვალში საცემია შემოსავლები არაფინანსური აქტივებიდან. პრივატიზაციის გეგმით გათვალისწინებული იყო სამ თვეში 200,0 ათ. ლარის მობილიზება. ფაქტიურად მიღებულია 1 მლნ 490 400 ლარი. შესრულებამ შეადგინა 745,2 %. დამატებით შემოსულია 1 290,4 ათ. ლარი.

ასევე ყურადღებას იქცევს შემოსავალი პროცენტებიდან და ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიღებულია 401,0 ათ. ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 200,0 ათ. ლარის, შესრულებამ შეადგინა 200,5%, დამატებით შემოსულია 201,0 ათ. ლარი.

ეს პროცენტები გულისხმობს იმ თანხას, რომელსაც მერიას საფინანსო ორგანიზაციები, ბანკები ურიცხავს. ბანკი ბიუჯეტში შეტანილ თანხას იყენებს იმ დრომდე, ვიდრე ის მის მფლობელს არ დასჭირდება. ამ სარგებლის სანაცვლოდ კი მერიას პროცენტები ერიცხება.

რაც შეეხება ჯარიმებს და სანქციებს, შემოსულია 885,4 ათ. ლარი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 870,0 ათ. ლარის, შესრულებამ შეადგინა 101,8%. დამატებით შემოსულია 15,4 ათ. ლარი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები