ახალი ამბები
ცხინვალის დილემა - ამოიღონ თუ დაარეგისტრირონ საბრძოლო იარაღი
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა, იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით, რამდენიმე მოქალაქე დააკავეს.

პარალელურად, რამდენიმე მებრძოლმა იარაღი თავისი ნებით ჩააბარა.

ამოიღონ თუ დაარეგისტრირონ საბრძოლო იარაღები? ამის შესახებ დისკუსია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში აქტიურად დაიწყო.
თემის შესახებ სტატია საინფორმაციო სააგენტო „ეხო კავკაზაში“ გამოქვეყნდა.

საზოგადოებრივი მოძრაობის „შენი არჩევანი ოსეთიას“ ხელმძღვანელი ალან ჯუსოევი განმარტავს, თუ რატომ არ ჩქარობენ იარაღის ჩაბარებას მათი მფლობელები.

ალან ჯუსოევის მოსაზრებით, პრობლემის გადაჭრა კომპლექსურად უნდა მოხდეს.

„მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობა იარაღს იმიტომ არ აბარებს, რომ მათ საკუთარი თავის იმედი უფრო აქვთ, ვიდრე რუსეთის მე-4 ბაზის ან ჩვენი თავდაცვის სამინისტროსი.“ - აცხადებს ალან ჯუსოევი.

ამჟამად, დე-ფაქტო მთავრობის თავდაცვის სამინისტორში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და არ გამორიცხავენ, რომ სამინისტროს ნაწილი რუსეთის სამხედრო ბაზას გადაეცეს.

ჯუსოევს მიაჩნია, რომ ცხინვალის ხელისუფლებას, შეიარაღებული ძალების ფორმირების თაობაზე, კონკრეტული ხედვა უნდა ჰქონდეს.
კერძოდ, გადასაწყვეტია საკითხი რეზერვისტებთან მიმართებაში. მას შვეიცარიის მაგალითი მოჰყავს, სადაც მოქალაქეებს ტაბელური იარაღის შენახვის უფლება აქვთ.

,,რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ამ ბოლო თვენახევრის განმავლობაში, რეგიონში დაძაბულობა გაიზარდა. ქართული ბატალიონი შევიდა უკრაინის არმიის შემადგენლობაში. ვერ დავმშვიდდებით, რაც ხდება სირიაში. პანკისში არიან მებრძოლები, ამ ყველაფერს ხალხი უსმენს, კითხულობს და ამიტომ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ“- აღნიშნავს ალან ჯუსოევი.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ბეჭდვითი და საინფორმაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ გობოზოვი ამბობს, რომ მოსახლეობაში იარაღი იმ ნაწილს აქვს, რომელმაც საომარ პერიოდში საკუთარი სახსრებით შეიძინა.

„მათთვის, კონფლიქტიდან 25 წლის შემდეგ, ფსიქოლოგიურად ძნელია იარაღთან განშორება, მაგრამ, მეორეს მხრივ, ხელისუფლების პოზიციაც გასაგებია. კონფლიქტის დროს დაგროვილი არსენალი ,,ჩრდილში“ რომ იყოს, არ შეიძლება - ეს დაუშვებელია .“ - ამბობს ვიაჩესლავ გობოზოვი.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში აღნიშნავენ, რომ დასჯებმა არასასურველი შედეგი შეიძლება მოიტანოს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები