ახალი ამბები
ქალაქი გორი კუნძულ მალტაზე ორ ქალაქს დაუმეგობრდება
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, კუნძულ მალტიდან დაბრუნდა.

ევროპის კულტურის დედაქალაქ ვალეტაში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს „EuroArt 2022“ დაესწრო.

ფესტივალის დროს, გორის მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

შეხვედრა გაიმართა ბირგუსა და ქრენდის მუნიციპალიტეტების მერებთან ჯონ ბოქსალთან და დევიდ სქემბრისთან. შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

გორისა და მალტას მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, დაიგეგმა ქალაქების დამეგობრება და მემორანდუმების გაფორმება. ვიზიტის ფარგლებში, დაიგეგმა მალტის დელეგაციის საქართველოში სტუმრობა.

ფესტივალი მალტის ქართული კულტურის ცენტრის „GCC-MALTA,“ კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის ევროპული ფონდის (EUFSC), საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა.

ფესტივალის მიზანია საქართველოსა და მალტის რესპუბლიკებს შორის ინტერკულტურული ურთიერთობების გაღრმავება, ქართველი ხელოვანების შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენა, ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ევროპულ სივრცეში ქართული კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

თეატრალური ფესტივალი გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა გახსნა სპექტაკლით „დაუძახე - ბროწეულო, პურის თავთავო!“ - პიესის ავტორი ამირ დეჟაქამი. რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები