ახალი ამბები
წუხელ გორის პატრულს შეპირდნენ, რომ ბოდიშს მოახდევინებენ
საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის განყოფილებაში როტაციაა. ქალაქის მასშტაბით ახალი თანამშრომლები პატრულირებენ.

ამის გამო, ხშირია კონფლიქტი მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს შორის.

წუხელ, მორიგი რეიდის დროს, საქართველოს ბანკის შენობის წინ, დაპირისპირება მოხდა მოქალაქეებსა და პატრულის თანამშრომლებს შორის.

სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ საპატრულო პოლიციამ დამატებითი ძალები გამოიძახა. შემთხვევის ადგილზე დასახმარებლად კრიმინალური პოლიციის წარმომადგნლებიც მივიდნენ.

როგორც გაირკვა, პატრულმა ერთ-ერთი ავტომანქანა გააჩერა გადამოწმების მიზნით. მანქანაში რამდენიმე ახალგაზრდა იმყოფებოდა.

პოლიციასა და მოქალაქეთა ჯგუფს შორის კამათი დაპირისპირებაში გადაიზარდა. იყო გინებაც. ამ მოქალაქეებიდან რამდენიმე მათგანი პოლიციამ, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, განყოფილებაში წაიყვანა.

ახალგაზრდა მამაკაცი კი ყვიროდა, რომ ის პატრულს არ აპატიებდა უკადრებელ საქციელს და ბოდიშს მოახდევინებდა.

რაც შეეხება რეიდებს, ქალაქის ყველა კუთხეში, ღამით მოქალაქეებს აჩერებენ და იდენტიფიკაციის მიზნით ფოტოებს უღებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები