ახალი ამბები
ზესტაფონელი კაცი მანგანუმის მოსაპოვებლად გორში ჩამოვიდა და დაიჭირეს
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, იქ სადაც გორი-ნიქოზის რკინიგზა გადის, მამაკაცი დააკავეს, რომელიც მანგანუმს არალეგალურად აგროვებდა.

ის გარემოდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეამჩნიეს, შემდეგ კი შეგროვებული მანგანუმი ჩამოართვეს.

როგორც დეპარტამენტის შიდა ქართლის ორგანიზაციის წარმომადგენელი ნათია ესიაშვილი აცხადებს, მამაკაცს 2022 წლის 29 ივნისს მოპოვებული ჰქონდა 201 ლარის ღირებულის სილიკონ მანგანუმის ქერქული ნარჩენი (წიდა).

მოქალაქე ზესტაფონის რაიონში მცხოვრები აღმოჩნდა. მის მიმართ ოქმი შეადგინეს. დარღვევა ჯარიმას 500 ლარიდან 1000 ლარის ოდენობას ითვალისწინებს.

ოქმის განხილვის დროს მოსამართლემ ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა დეპარტამენტის პოზიციას:

,,ბატონო მოსამართლევ, გაჭირვებამ ჩამომიყვანა გორში. მინდოდა შემეგროვებინა და ჩამებარებინა. რა ვიცოდი, თუ მაგაზე იჭერდნენ, ყრია უბრალოდ. ადრეც ვარ ჩამოსული, წლების წინ, სადღაც 2001 წელს. მაშინ ჩვეულებრივ წავიღე. ახლა ასე მოხდა'' - განაცხადა მოქალაქემ.

მოსამართლე ნინო გერგაულმა მის მიმართ სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა. რაც შეეხება გარემოზე მიყენებულ ზარალს, მოქალაქეს 201 ლარის გადახდა მოუწევს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 6 თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, წიაღის უკანონო მოპოვების 415 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 22 ფაქტი, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყველაზე მეტი, 157 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში; სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 66 ფაქტი, კახეთში - 62, აჭარაში - 32, მცხეთა-მთიანეთში - 24, ქვემო ქართლში - 21, გურიაში - 19, შიდა ქართლში - 18, სამცხე-ჯავახეთში - 7, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთშიც - 7.

სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში წიაღის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი აღკვეთეს.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. იმ ფაქტების მასალები კი, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები