ახალი ამბები
შშმ პირებმა ზიპლაინით მდინარე გადალახეს
გორელმა შშმ პირებმა პეინტბოლისა და ზიპლაინის ინტეგრირებულ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა.

მათი მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ დააფინანსა.

შეჯიბრება ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 200–მდე შშმ პირმა, ბრძოლებში დაჭრილმა ჯარისკაცმა და ომის ვეტერანმა გორის, თბილისის, საგარეჯოს, მარნეულის, ქუთაისის, ბორჯომის, ხაშურის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებიდან.

ჩემპიონატების გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზები, ფასიანი საჩუქრები, დიპლომები და მედლები.

პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერიის გარდა მხარს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და რამდენიმე კერძო კომპანია უჭერდა.

ზიპლაინისა და პეინტბოლის ჩემპიონატები პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში განახორციელა ,,ახალგაზრდულმა მედიაკავშირმა“ .

აღნიშნული ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს გორის მერიასთან და შშმ პირთა ადაპტაციის ხელშესაწყობად შეჯიბრებებს აწყობს ექსტრემალური სპორტის სხვადასხვა სახეობაში, რითაც ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები