ახალი ამბები
ზარდიანთკარელ ქალებს მმართველი პარტიის გორის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვდნენ


გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ზარდიათნკარში მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

ადგილობრივ მცხოვრებ ქალებს გორის ორგანიზაციის ბიუროს წევრები შეხვდნენ.

გორის ,,ქართული ოცნების'' ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თამარ მურალოვას თქმით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივ მცხოვრები ქალების საჭიროებების გამოკვლევა და მათ წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტა.

შეხვედრას ესწრებოდა თითქმის ყველა ოჯახის წარმომადგენლები. 

როგორც სოფლის მცხოვრებლებმა ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს განუცხადეს, დიდ პრობლემას წარმოადგენს სასმელი წყალი, რადგან ჭაბურღულიდან უხარისხო მოდის.

თამარ მურალოვი დაპირდა, რომ დილიდანვე სპეციალისტები სინჯებს აიღებენ და პრობლემის მოგვარებაზე იზრუნებენ.

აღინიშნა, რომ სოფელში დაწყებულია დაზიანებული სახლების აღდგენისთვის საჭირო სამუშაოების წარმოება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირება.

ზარდიანთკარელი ქალები შიშობენ, რომ სახლების აღდგენა წელსვე ვერ მოესწრება, რადგან ზაფხული უკვე გადის, ხოლო შემოდგომით სახურავების ახდა და რეაბილიტაციის დაწყება არარეალურია.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ქალებს თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში წაიყვანენ სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად.


Print

სტატიის გამოყენების პირობები