ახალი ამბები
,,ძირითადი გამოწვევა ნერვიულობის დაძლევაა'' - ანი ადუაშვილის 80 ქულა ინგლისურში კარალეთიდან
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ანი ადუაშვილმა ინგლისური ენის გამოცდაში მაქსიმალური, 80 ქულა მიიღო.

ის ამ შედეგს ელოდა, თუმცა ამბობს, რომ გამოცდებზე აბიტურიენტის ენერგია ნერვიულობის დაძლევას მიაქვს.

,,გამოცდების ძირითადი გამოწვევა ნერვიულობის დაძლევაა. ნერვებმა ძალიან დიდი გავლენა იქონია ძალიან ბევრი მოსწავლის, მათ შორის ჩემს, შედეგებზე.'' - გვეუბნება ანი.

ის ყველა გამოცდაში, განსაკუთრებით კი ინგლისურ ენაში, უმაღლეს შეფასებას ელოდა, რადგან მთელი წლის მანძილზე დაუღალავად შრომობდა, რომ ამ შედეგისათვის მიეღწია.

,,ამ წარმატებაში უდიდესი წვრილი მიუძღვის ჩემი ინგლისურის მასწავლებელს, თამუნა ხარიბეგაშვილს, მართლაც, რომ მისი განსაკუთრებული შრომის დამსახურებაა ჩემი ეს შედეგი.'' - ამბობს ანი.

ანი აბარებს საერთაშორისო ურთიერთობებზე, რადგან სურს წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და მისი პოპულარობის გაზრდაში საერთაშორისო ასპარეზზე.

,,ჩემი მთავარი ჰობია მოგზაურობა. მიყვარს ახალი ადგილების ნახვა და გაცნობა. საქართველო განსაკუთრებით გამოირჩევა სილამაზითა და საოცრად საინტერესო კულტურული თუ ისტორიული ძეგლებით, რამაც სურვილი გამიჩინა შემომევლო მთელი ქვეყანა. ყოველი ადგილის ნახვის შემდეგ, ახალის ნახვის სურვილი მიჩნდებოდა და დროთა განმავლობაში ეს ჰობიშიც გადაიზარდა. დღეს დღეობით კვლავ ვმოგზაურობ მთელი ქვეყნის მასშტაბით და იმედი მაქვს, რომ მომავალში სხვა ქვეყნების ნახავის ბედნიერებაც მექნება.'' - გვითხრა ანი ადუაშვილმა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები