ახალი ამბები
ჯავის რაიონში წყალდიდობის დროს დაზიანებული გზების აღდგენა ამ დრომდე გრძელდება
ჯავის რაიონში წყალდიდობის დროს დაზიანებული გზების აღდგენა კვლავაც გრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, ერთი თვის წინ დაწყებული სამუშაოები ჯერ არ დამთავრებულა.

ამჟამად ტექნიკა მუშაობს ქეშელთის ხეობისკენ მიმავალი გზისა და ხიდის შეკეთებაზე.

"ჯავის რაიონის საბინაო და კომუნალური სამსახურების წარმომადგენლებმა აღადგინეს გზები სოფლების ბუზალას, მაშხარას, ბორკოტასა და დუოდონასტოს მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.

"სამუშაოები მიმდინარეობს ქეშელთან მდებარე სოფლების – წამადისა და თხელისკენ მიმავალ გზაზე. მას შემდეგ, რაც საგზაო სამუშაოების დასრულდება, ამ გზაზე ხიდის აღდგენა დაიწყება", - დასძინეს ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, სტიქია საქართველოში 2022 წლის ივნისის ბოლოს მოხდა. ადიდებულმა მდინარემ ჯავის რაიონში 19 წლის ბიჭი გაიტაცა. ცხედარი მდინარე ლიახვში იპოვეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები