ახალი ამბები
ხაშურელი 21 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გუშინ, 13 აგვისტოს, შსს-ს ინფორმაციით, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკებისას 21 წლის ახალგაზრდა კაცი დაჭრეს, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ი. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა 2001 წელს დაბადებულ რ.ლ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა," – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გარდაცვლილი რეზი ლომსაძე ხაშურელი იყო. ბრალდებული, წინასწარი ინფორმაციით, გორელია. დაპირისპირება, როგორც ტვ ფორმულასთან გარდაცვლილის ახლობლებმა განაცხადეს, მობილური ტელეფონის გამო დაიწყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები