ახალი ამბები
ყოველი თვის ბოლოს 10 დღით ახალგორსა და ჯავის რაიონში გამშვები პუნქტები გახსნილი იქნება
ახალგორისა და ჯავის რაიონის მოსახლეობისთვის რაზდახანისა და პერევის გამშვები პუნქტები ყოველი თვის 20 რიცხვიდან 30 რიცხვის ჩათვლით გაიხსნება. ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება 18 აგვისტოს გამართულ დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს. როგორც ალან გაგლოევმა აღნიშნა - ჯავისა და ლენინგორის(ახალგორის) რაიონულმა ადმინისტრაციებმა, მოსახლეობის სურვილიდან გამომდინარე, თხოვნით მიმართეს პრეზიდენტს განეხილა გამშვები პუნქტების გახსნის საკითხი.

ახალგორისა და ჯავის რაიონის მოსახლეობა დიდი ხანია მოუთმენლად ელოდა გამშვები პუნქტის გახსნას.

ე.წ. საზღვარზე არსებული სიტუაციის განხილვის შემდეგ, დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა:

(ციტატა) - „დაშვებულად გამოცხადდეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში შესვლა და საქართველოში გასვლა ყოველი თვის 20 რიცხვიდან 30 რიცხვამდე სახელმწიფო საზღვრის „რაზდახანის“ და „პერევის“ გადაკვეთის გავლით, ლენინგორისა და ჯავის რაიონების მაცხოვრებლებისთვის. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 23 ნოემბრის №119 დადგენილების №1 დანართის მიხედვით, სპეციალური საშვით, რომელიც იძლევა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლებას; დადგინდეს სამუშაო საათები რაზდახანისა და პერევის სახელმწიფო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, ყოველი თვის 20-დან 30-ე დღემდე მოსკოვის დროით 09:00 საათიდან 19:00 საათამდე“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

პრეს-სამსახურის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ - 31 დეკემბრამდე საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელი იქნება ვადაგასული საშვითაც, გამომდინარე იქიდან, რომ გამშვები პუნქტები დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი იყო.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ „რაზდახანისა“ და „პერევის“ გამშვები პუნქტები 2019 წელს, სოფელ წნელისთან დადგმული ქართული ბლოკ-პოსტის საპასუხოდ ჩაკეტა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები