ახალი ამბები
გორის პირველი სკოლის წინა ფასადი აგურისფერში გადაწყვიტეს
გორის პირველი სკოლის წინა ფასადი აგურისფერშია გადაწყვეტილი.

გვერდითა კედლეები კი ყვითელ ფერებშია წარმოდგენილი. თავდაპირველად, წინა ფასადიც ყვითელი ფერის უნდა ყოფილიყო.

ფერების ცვლა მას შემდეგ მოხდა, როდესაც პირველი სკოლის კურსდამთავრებულთა მხრიდან სოციალურ ქსელში დიდი ხმაური ატყდა და პირველი სკოლისა და ასევე განათლების სამინისტროს მიმართ სამართლებრივი დავა დაიწყო.

გორის ისტორიული სკოლა აგურითაა ნაშენები. ამიტომ, მისი ბუნებრივი ფერიც აგურისფერი იყო.

2021 წლის ბოლოს განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ჩატარებულიყო სკოლის რეაბილიტაცია. მათ გორიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ კედლებიდან აგური ცვივა და საჭიროებს შეკეთებას.

თუმცა, კედლებიდან აგურების ცვენის ფაქტის დამადასტურებელ დასკვნას დღემდე ეძებენ ოპონენტები. პირველი სკოლის კურსდამთავრებულები ითხოვენ, რომ კედლები კვლავ აგურით გამაგრდეს.

თუმცა, ხელისუფლებამ პროტესტი არ გაითვალისწინა და გააგრძელა კედლების შელესვა. მისაღები იქნება თუ არა ეს ფერი პირველი სკოლის კურსდამთავრებულებისთვის, უცნობია.




ი.ხ ამავე თემაზე

,,აგური თავში გიხლიათ'' - გორის პირველი სკოლის იერსახეს ცვლიან

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები