ახალი ამბები
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძრის ჩასაქრობად თურქეთმა სახანძრო თვითმფრინავი გამოგზავნა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად თურქული სახანძრო თვითმფრინავი მონაწილეობს. მეექვსე დღეა ქვაბისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეს ცეცხლი უკიდია.

დღეს დილიდან მუშაობა განაახლეს საქართგველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში ჩაერთო თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი. დღესვე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთვება.

ასევე, დილიდან ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელი.

,,მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო, ადგილზე ისევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით თითქმის ყველა აქტიურ კერამდე მისასვლელი გზა უკვე გაყვანილია. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით გრძელდება ხანძრის მონიტორინგი. ადგილზე მუშაობას განაგრძობს ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ.'' - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები