ახალი ამბები
წინარეხში დოღი გაიმართა
დღეს, 28 აგვისტოს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში, ე. წ. "კოდეების" მიდამოს ველ-მინდორზე, დოღი გაიმართა.

დოღში მონაწილეობა მოყვარულმა ცხენოსნებმა მიიღეს. ტურნირი მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს მიუძღვნეს.

რბოლის დისტანცია იყო - 1.200 მეტრი.

დოღის გამარჯვებული გახდა წინარეხელი 25 წლის ბაჩუკი ბედოიძე (ცხენი "კოხტა"), საფინიშო ნიშნულთან მეორე მიიჭრა მეათეკლასელი, 15 წლის გიორგი იორდანიძე (სოფელი კავთისხევი).

მესამე ადგილი წილად ხვდა, ასევე, მეათეკლასელ მოსწავლეს, 14 წლის საბა კავთიაშვილს (სოფელი თვალადი).

სამივე მათგანს საგანგებოდ დაწესებული პრიზები - მედლები და თასები გადასცეს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მისმა მოადგილემ ზურაბ კოპაძემ.

მათვე ერგოთ ფულადი ჯილდოები, რაც გაიღეს შპს "დიდგორის" დამფუძნებლებმა, ძმებმა ხვიჩა და გოჩა ხუციშვილებმა (მათი სახელით გადასცა გია ბედოიძემ).

დოღის მონაწილე ერთადერთმა გოგონა-მხედარმა ელენა მოდრეკილაძემ მეხუთე შედეგი აჩვენა ვაჟებთან პაექრობაში, რაც საგანგებოდ გამოარჩიეს და დაუფასეს - ელენა ფულადი თანხით დააჯილდოვა პირადად მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

ელენა ცხენოსნობით ბავშვობიდანვე არის გატაცებული. ის და მისეული "ნიშკა" ივნისის დოღშიც მონაწილეობდნენ და მაშინაც მეხუთენი იყვნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები