ახალი ამბები
ხაშურში უკიდურესად გაჭირვებული 50 ადამიანის ადგილსამყოფელი უცნობია - გაურკვეველი ქველმოქმედება
ხაშურის მუნიციპალიტეტში 50 ადამიანს ვერ მიაგნეს, რომლებსაც, ოფიციალურად დახმარება ეკუთვნის. სია ხაშურის მერიამ შეადგინა.

ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც უკიდურესაც გაჭირვებულები არიან.

საქმე ეხება სააღდგომო დახმარებას, რომლისთვის მერიამ პაკეტი 380 ოჯახისთვის შეადგინა. 50 პაკეტი უკან დაბრუნდა, რადგან როგორც ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა თენგიზ ცერცვაძემ მერს აცნობა, ვერ მიაკვლიეს 50 ოჯახს.

,,კვების პროდუქტების პაკეტები გადაეცათ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს (373 ოჯახი და 7 სარეზერვო), რომელთა რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში 2022 წლის 15 მარტის მდგომარეობით 25 000 ქულას არ აღემატებოდა, გაიცა 322 პაკეტი, მიღება დადასტურებულია თითოეული მოქალაქის ხელმოწერით შესაბამის გრაფაში. 380 საკვები პროდუქტების პაკეტიდან 50 დარჩა გაუცემელი, (ჩამოთვლილია 50 ადამიანი) ისინი არ აღმოჩნდნენ მითითებულ მისამართზე, მათი ადგილსამყოფელი არ არის ცნობილი. სულ 58 პროდუქტების პაკეტი დაბრუნებულ იქნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში'' - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

საგულისხმოა, რომ ხაშურში სააღდგომოდ ადგილობრივი მილიონერებიც ეხმარებიან სააღდგომო პაკეტით. მაგალითად, ვალერი გელაშვილის საინფორმაციო სააგენტო იტყობინებოდა, რომ გელაშვილი 500 ოჯახს დაეხმარა.

რაც შეეხება მეორე მილიონერს, ლევან გამრეკელს. მისი საინფორმაციო არხების ცნობით, იმ ადამიანებს გაუკეთა სასადილო, რომლებიც მერიის პროგრამარში ვერ მოხვდნენ. მერია სასადილოში საკვებს 170 ადამიანისთვის ამზადებენ, ხოლო მილიონერი გამრეკელი - 35 ადამიანისთვის.

მთავარ ფოტოზე: ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი, საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარე, მილიონერი ლევან გამრეკელი და მილიონერი ვალერი გელაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები