ახალი ამბები
რატომ აუჯანყდნენ ერეკლე II-ს ქართლში
ვახტანგ VI რუსეთში გარდაიცვალა 1737 წელს. ვახტანგის შვილებს, სპარსეთთან დაახლოების და ერეკლესთან დაპირისპირების შიშით, არ უშვებდნენ რუსეთიდან.

ქართლის ტახტის რეალური მემკვიდრე იყო ბაქარი. გარდაიცვალა რუსეთში, 1750 წელს. ბაქარის ძე იყო ალექსანდრე. გარდაიცვალა 1791 წელს რუსეთში.

პაატა - ვახტანგ VI-ნაბოლარა შვილი საქართველოში გამოიქცა 1765 წელს. მას ქვემეხების ჩამოსხმის საქმე დაავალეს. დანიშნეს თბილისის მოურავად.

1765 წელს, პაატას გარშემო ქართლის თავადაზნაურობა გაერთიანდა. ისინი მარკოზაშვილის ბინაში იკრიბებოდნენ. ტახტიდან ერეკლეს ჩამოგდება, პაატას გამეფება და ქართლ-კახეთს მეფედ კურთხევა დაისახეს მიზნად.

შეთქმულება გასცა სამშვილდელმა გლეხმა დათუნა ფეიქარმა, რომლის ცოლი მეფის სასახლეში ძიძად იყო გამწესებული. დათუნას დავალებული ჰქონდა ერეკლეს ოჯახის ამოწყვეტის მიზნით შეთქმულნი სასახლეში შეეყვანა.

დათუნა ფეიქარმა შეთქმულთა განზრახვა აღსარების დროს გაანდო მეფის კარის მღვდელ ქრიტესიას, რომელმაც ყველაფერი ერეკლეს უამბო.

15 დეკემბერს, რიყეზე, ანჩისხატის პირდაპირ, დამნაშავეთა სახალხო დასჯა შედგა.

მთავარ დამნაშავედ ცნობილ პაატა ბატონიშვილს თავი მოჰკვეთა ყულარაღასმა გიორგი რევაზის ძე ქსნის ერისთავმა.

დავით არჩილის (აბდულა-ბეგის) ძეს ხმლით თავი მოჰკვეთა მარტყოფელმა ნაზირმა ბარამ გურგენიძემ.

თავადი ელიზბარ თაქთაქიშვილი _ კოცონზე დაწვეს, გლახა ციციშვილს _ ენა მოაჭრეს, დიასამიძეს _ ცალი თვალი დათხარეს და მარჯვენა ხელზე ცერა თითი მოჰკვეთეს, სახლთუხუცესი დიმიტრი ამილახვარი საჯაროდ შეარცხვინეს (ვირზე შესმული ჩამოატარეს), ხოლო მის ძეს ალექსანდრეს ცხვირი მოჰკვეთეს და ფეხის ძარღვები გადაუჭრეს და ა. შ.

ალექსანდრე ამილახვრის ცნობით, მათი ერთი აზნაური, რომელმაც ძალდატანებით მიცემული პირვანდელი ჩვენება მოგვიანებით შეცვალა - მოკლეს, ხოლო ელიზბარ თაქთაქიშვილის ვაჟს - ხელი მოჰკვეთეს და თვალები დასთხარეს.

,,შეთქმულთა შორის, ზემოხსენებულთა გარდა, იყო ქართლის თავადაზნაურობის მრავალი სხვა წარმომადგენელიც, რომელთა ვინაობის შესახებაც თითქმის არაფერი ვიცით. ცნობილია მხოლოდ, რომ მათი მამულების ნაწილი მეფემ ნასისხლად აიღო" - წერს თავის ნაშრომში ნიკო ჯავახიშვილი.

ქართულ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ეს შეთქმულება შეფასებული იყო, როგორც ,,ერეკლე II-ის გამაერთიანებელი პოლიტიკის წინააღმდეგ თავადაზნაურთა რეაქციული ნაწილის ხანგრძლივი ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდი''. დღეს კი ეს შეფასებები შეცვლილია და აღნიშნავენ, რომ ვახტან მეექვსეს საკმაოდ დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, ხოლო მისი შთამომავლობის დაბრუნებას ქართლში დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ.

მაგალითად, ლ. ტუხაშვილი თავის ნაშრომში შენიშნავდა, რომ ქართლელ ფეოდალებს ,,საფიცრად გამხდარი ჰყავდათ ვახტანგ VI-ის ნაშიერები''

,,ვფიქრობთ, ეს სავსებით ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ ვახტანგ VI-ის განუზომელ ავტორიტეტს და საზოგადოების გამორჩეულ პატივისცემას მის მიმართ, რომელიც, მისი მეფობის ტრაგიკული დასასრულის მიუხედავად, არასდროს გახუნებულა.'' - წერს ისტორიკოსი ნიკო ჯავახიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები