ახალი ამბები
დადის თუ არა პედაგოგი მთვრალი? - გორის III სკოლაში 250 მოსწავლეს გამოკითხავენ
გორის მესამე სკოლაში სპორტის მასწავლების დ. ა.-ის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება დეკემბრამდე შეჩერდა იმ მოტივით, რომ გამოსაკითხია 250 მოსწავლე.

ამის შესახებ იმ დოკუმენტში წერია, რომელსაც დისციპლინური კომისიის ყველა წევრი აწერს ხელს.

კომისიის აზრით, დროს სჭირდება იმის გარკვევას, ნამდვილად მთვრალი ატარებს თუ არა გაკვეთილებს სპორტის მამაკაცი პედაგოგი.

დ.ა. ის პედაგოგია, რომლის თითქოსდა ფიზიკური შერაცხყოფის გამო, სკოლის ადმინისტრაციამ სხვა სპორტის მასწავლებელი - თეა კეჩხუაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა.

თეა კეჩხუაშვილი აღნიშნავს, რომ სკოლამ უსამართლოდ გაათავისუფლა და მოითხოვა დ.ა-ის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტების გამოძიება.

ვიდრე სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეების გამოკითხვით დაკავდება, დღეს, თეა კეჩხუაშვილმა სკოლის შენობაში, დააფიქსირა ფაქტი, რომელიც, მისი აზრით, სწორედ ალკოჰოლური სასმელის მიღების ფაქტს ასახავს.

ფოტო გადაღებულია მნეს ოთახში, სადაც სპორტის მასწავლებლებიც იმყოფებოდნენ. სუფრაზე დევს საკვები და ბოთლით სითხე. თეა კეჩხუაშვილმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და მოითხოვა ყველა პირის შემოწმება.

საპატრულო პოლიციამ ადგილზე არ შეამოწმა პედაგოგები. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოკვლევა დაწყებულია. როგორი იქნება შედეგები, ამის თაობაზე, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები