ახალი ამბები
ვალერი თელია შიდა ქართლის სკოლების სიახლოვეს საპოლიციო კონტროლის ჩატარებას იწყებს
შიდა ქართლის პოლიცია, რომელის ხელმძღვანელია ვალერი თელია, სკოლებთან საპოლიციო კონტროლს იწყებს.

ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. სკოლებთან პოლიციელების გამოჩენა იმ დაუდასტურებელ ამბებს უკავშირდება, რომელიც ბოლო ორი კვირის მანძილზე, დაუდგენელი წყაროებით ვრცელდება.

შს სამინისტროს პრესსამსახურმა და ასევე გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა არაერთხელ გვაცნობა, რომ ბავშვების გატაცების მცდელობების შესახებ, ოფიციალური შეტყობინებები არ შესულა.

შესაბამისად, გამოძიება არც დაწყებულა. გამოუძიებელი და დაუდასტურებელი ფაქტების ფონზე გორის სკოლებთან საპოლიციო კონტროლი იწყება.

როგორი უნდა იყოს სკოლისა და პოლიციის ურთიერთობა?

ჯერ კიდევ 2022 წლის 20 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მემორანდუმი გაფორმდა შსს სამინისტროსთან.

ეს მემორანდუმი კი ითვალისწინებს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციას. ამ მემორანდუმში არაა აღნიშნული საპოლიციო კონტროლის შესახებ.

მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო კურსის "სამართლებრივი კულტურის"" დანერგვის გზით ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას. სასწავლო კურსი, რომელიც "სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის" ფარგლებში შემუშავდა, გულისხმობს სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეებისთვის ტრენინგების უზრუნველყოფას, პროცესში ჩართულ მხარეებთან – მანდატურებთან, მასწავლებლებთან, სამართალდამცავებთან სარეკომენდაციო სახის შეხვედრების ჩატარებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კოორდინაციას.



"სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამა" PH International-ის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავდა მოზარდებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის პოზიტიური კომუნიკაციის გაუმჯობესების ხელშეწყობას, მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციას, სამართლებრივ საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, პოლიციის საზოგადოებრივი საქმიანობის მხარდაჭერასა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფის საქმეში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის ზრდას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები