ახალი ამბები
გორში კომპანიამ ავანსად თანხა მერიისგან მიიღო, შემდეგ კი - გაუჩინარდა
გორის მერია ცდილობს ავანსად გადახდილი 8 ათასი ლარი უკან დაიბრუნოს. ამის შესახებ მერიის იურიდიულმა სამსახურმა შესაბამისი დასკვნა მოამზადა.

დასკვნის მიხედვით, კომპანიას ჩაურიცხეს თანხა, რომელსაც სამუშაოები უკვე ერთი წელია არ დაუწყია.

საქმე ეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში განსახორციელებელ პროექტს. მერიამ 40 000 ლარი გამოყოფო იმისათვის, რომ სტადიონი შემოღობილიყო.

ავანსის სახით კომპანიას 8 ათასი ლარი 2021 წლის 21 დეკემბერს გადაურიცხეს. ხელშეკრულება 8 დეკემბერსაა გაფორმებული.

ზეღდულეთში სამუშაოები რომ არ იყო დაწყებული, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა 2022 წლის თებერვალში შეამჩნიეს.

კომპანია ,,ბილდერი', რომელიც სოფელ ზეღდულეთში სტადიონი უნდა შემოეღობა, ავანსის მიღების შემდეგ გაქრა.

,,ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური ვითარებისა და განსაზღვრული დროის განმავლობაში არსებული ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, კომპანიას მიეცა გარკვეული დრო სამუშაოების შესასრულებლად. თუმცა, მიუხედავად სამუშაოების შესრულების ვადის გასვლისა, მიმწოდებელს არ ჰქონდა დაწყებული ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.'' - აღნიშნულია იურიდიული სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში.

გორის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის ცნობით, პირგასამტეხელო დაეკისრა სადაზღვევო კომპნიას:

,,მიმწოდებლის მიერ ვალდებულება შეუსრულებელია, რის გამოც შემსყიდველის მიერ მოხდა მხარისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება და სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა"-სგან გამოთხოვილ იქნა წინამდებარე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო (საავანსო) გარანტია.'' - აღნიშნულია ალექსანდრე თარხნიშვილის მიერ მომზადებულ დასკვნაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები