ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში ორთქლის სტერილიზატორი მწყობრიდან გამოვიდა - მეორე კი ხარვეზით მუშაობს
გორის სამხედრო ჰოსპიტალში ორთქლის ორი სტერილიზატორიდან ერთი მწყობრიდან გამოვიდა.

ამის შესახებ დირექტორს საოპერაციო ბლოკიდან აცნობეს. სტერილიზატორი საოპერაციო ბლოკს უზრუნველყოფს სტერილური იარაღებითა და საოპერაციო თეთრეულით.

ამჯერად, მხოლოდ ერთი სტერილიზატორი მუშაობს უკვე დატვირთვით.

,,ერთი სტერილიზატორი გამოვიდა მწყობრიდან. აღნიშნული აღარ ექვემდებარება შეკეთებას - მოდელი მოძველებულია და შეკეთებისათვის საჭირო ნაწილები აღარ იწარმოება. მეორე სტერილიზატორს მუშაობის პროცესში აღენიშნება ხარვეზები. მისი დაზიანების შემთხევაში, საფრთხე შეექმნება ჰოსპიტლის საოპერაციო ბლოკის ფუნქციონირებას.'' - აღნიშნულია დირექტორისადმი მიწერილ წერილში.

კლინიკაში ადასტურებენ, რომ ასეთმა ვითარებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას პაციენტის ჯანმრთელობას - შეფერხდეს ოპერაციული მკურნალობა, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს.

სამხედრო ჰოსპიტლის დირექციამ პრობლემის მოსაგვარებლად თითქმის 100 000 ლარი გამოყო იმისთვის, რომ ახალი სტერილიზატორი შეიძინონ. როგორც ვარაუდობენ, შესყიდვა უნდა განხორციელდეს 2023 წლის 31 იანვრამდე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები