ახალი ამბები
თელიას ცნობით, გორის პოლიციის მანქანები დამტვრეული და მოძველებულია
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვალერი თელია ჩივის, რომ ავტოპარკი მოძველებულია.

,,გაუთვალისწინებელი შემთხვევების და ავტო პარკის წლოვანების გამო მოხდა თანხის ნაადრევად ათვისება. ვერ ხერხდება დაზიანებული ავტომანქანების შეკეთება, რის გამოც პოლიციის სამსახურები ჯეროვნად ვეღარ ასრულებენ მათზედ დაკისრებულ მოვალეობებს. ბოლო თვეების ხარჯების მიხედვით ჩვენს მიერ დაანგარიშებული იქნა ახალი ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება, რაც შეადგენს 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარს.'' - სწერს ვალერი თელია შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს.

2022 წლის 21 ნოემბერს მინისტრის მოადგილემ ვალერი თელიას წერილი შესაბამის სამსახურებს გადაუგზავნა რეაგირებისთვის.

კითხვაზე, თუ რატომ ჭირდებათ ასე დაჩქარებულად მანქანების შეკეთება, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამსახური პასუხობს:

,,საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს დაკისრებული მოვალეობების შესრულების დროს, ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში უხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით პატრულირება. აღნიშნული მოითხოვს გამართულ ავტო-პარკს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოიცავს 5 წელზე ზემოთ არსებულ ავტომანქანებს, ამასთან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს რიგ შემთხვევაში გადაადგილება უხდებათ რთულ რელიეფურ მიდამოებში, რის გამოც აუცილებელია მათი სისტემატიური ტექნიკური მომსახურება.'' - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

თელიას მოთხოვნა დააკმაყოფილეს და შიდა ქართლის პოლიციის მანქანებს 31 დეკემბრამდე შეაკეთებენ.

საპატრულო პოლიიცის მანქანების შეკეთება ახალ წლამდე უნდა მოსწროს, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა ბიუჯეტს უკან დაუბრუნდება.

თელია შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა. მანამდე უფროსის მოადგილე იყო:

,,ავტო საგზაო შემთხვევებმა და ბევრი სატრანსპორტო საშუალებების ერთდროულად მწყობრიდან გამოსვლამ და შესაბამისად ხარჯის გაზრდამ. გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამო, რიგი ქვედანაყოფები და რაიონული სამმართველოები ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებული მოვალეობის სრულყოფილად შესრულებას'' - აღნიშნულია პოლიციის უფროსის თელიას პარტაკში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები