ახალი ამბები
ხაშურის პროკურორის ცნობით, ჯართის პუნქტში მამაკაცმა ბიძისგან მოპარული ნივთები ჩააბარა
პატიმრობიდან გაათავისუფლეს მამაკაცი, რომელსაც ბიძის სახლის ქურდობაში სდებდნენ ბრალს.

ამის შესახებ გამამართლებელი გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დაკავებიდან 1 წლის შემდეგ მიიღო.

ხაშურის პროკურატურის პროკურორი არჩილ ბედუკაძე დაჟინებით აცხადებს, რომ მამაკაცმა ბიძის სახლი გაქურდა.

პროკურატურის ცნობით, აწ უკვე ყოფილმა მსჯავრდებულმა ბიძის სახლიდან წაიღო სარწყავი წყლის ბენზინის ძრავიანი სატუმბი, ავტომანქანის ორი ცალი საბურავი კამერებით, მილით დამზადებული ერთი ცალი გაზქურა, სარეცხი მანქანის ავზი, თხევადი გაზის ორი ცალი ბალონი. ამ ნივთებში ჯართის პუნქტში 1260 ლარი გადაიხადეს.

ხაშურის სასამართლომ ბრალდებულს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 7-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც.

ადვოკატმა გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

სასამართლოზე ბიძამ განაცხადა, რომ ძმისშვილს ნივთების წაღების უფლება თავად მისცა, თუმცა წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავდა, რომ ნივთები დაკარგა.

როგორც ირკვევა, ბიძა და ძმისშვილი მეზობელთან ქეიფობდნენ, სიფრა ძმისშვილმა ადრე დატოვა. სახლში დაბრუნებულ ბიძას კი ეზოში ნივთები აღარ დახვდა.

მიმართა პოლიციას და განაცხადა, რომ სახლი გაქურდეს. პოლიციამ დაკარგულ ნივთების ჯართის ჩამბარებელ პუნქტში მიაგნო. სარეგისტრაციო ჟურნალში მითითებული იყო, რომ ნივთები დაზარალებულის ძმისშვილის მიერ იყო ჩაბარებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები