ახალი ამბები
როცა მაგისტრალისკენ ლეკვები მორბიან, ვის მივმართოთ? - გორის მაგალითი
დღეს, გორი-კასპის შემოვლით გზაზე, ე.წ. აზნეთის მონაკვეთზე ათამდე ლეკვი მაგისტრალზე გადმოვიდა.

რამდენიმე წუთით მოძრაობა შეფერხდა. შეიქმნა საავარიო სიტუაცია. ლეკვები ძაღლთან ერთად, იქვე 100 მ-ში მდებარე ფერმის შენობისკენ გაიქცნენ. ფერმაში არავინ იმყოფებოდა, გარდა კიდევ რამდენიმე ძაღლისა.

როგორც ადგილზე გავარკვიეთ, ფერმაში ჰყავთ როგორც დედა ძაღლი, ასევე მამრი ძაღლი, ლეკვებთან ერთად. პატრონი ადგილზე არ იმყოფებოდა.

ფაქტის შესახებ მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოს ვაცნობეთ, თუმცა იმის გამო, რომ ძაღლები მიკედლებული არიან კონკრეტულ ობიექტზე, გადავწყვიტეთ საქმის კურსში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ჩაგვეყენებინა.



ფაქტის შესახებ ეცნობა სოფლის დეპუტატს ვანო ნონიკაშვილს, ასევე, მერის რწმუნებულის თანამშემწეს.

ვანო ნონიკაშვილის თქმით, ის ფერმერს გააფრთხილებს, რათა უზრუნველყოფს ცხოველის ყოლის წესები და უზრუნველყოს საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ნორმების დაცვა.

გორის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებით, ცხოველის ყოლა დაშვებულია ფიზიკური პირისთვის იზოლირებულ ბინაში ან ინდივიდუალურ (საკარმიდამო) ტერიტორიაზე; გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პირები ვალდებულები არიან, საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, საკუთარი ცხოველი (ძაღლი და კატა) დაარეგისტრირონ იმ პერიოდიდან, როცა ცხოველი 1 თვის ასაკის გახდება.

ცხოველების ამა თუ იმ მიზეზით შემდგომი მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის შემთხვევაში (პატრონის გარდაცვალების ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო) დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გადაიბაროს, გააჩუქოს ან სხვა შემთხვევაში ჩააბაროს ის ცხოველთა თავშესაფარშ და ა.შ.

აღნიშნული დადგენილების კონტროლი ევალება გორის მუნიციპალიტეტის მერიას, ხოლო დამრღვევი პირის მიმართ გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები