ახალი ამბები
აღმოჩენილია ტილო ქართველი უფლისწულის გამოსახულებით - იუწყება ხელოვნების მუზეუმი
ლონდონში გასაყიდად გამოტანილია ტილო, რომელზეც გამოსახულია ქართველი დიდგვაროვანის შვილი ან უფლისწული.

ამის შესახებ საქართველოს ხელოვნების მუზეუმი იუწყება. ტილოს 18 000 ევროდ შეიძენენ.

მუზეუმის კომისიამ დაასკვნა, რომ საქმე გვაქვს მე-19 საუკუნის ქართულ მხატვრობასთან. უცნობია მხატვრის ვინაობა. მისმა მფლობელმა ქართველ ექსპერტებს განუცხადა, რომ მასზე ნამდვილად ქართველი უფლისწულია გამოსახული.

ხელოვნების მუზეუმის დირექტორის, გიორგი კალანდიას ცნობით, დიდგვაროვანს წითელი ოქრომკედით გაფორმებული და ოქროს კუნწულით დამშვენებული ყაბალახი ახურავს, აცვია ლურჯი ოქროს ბუზმენტებით გაფორმებული ახალუხი, მასზე ზემოდან კი თეთრი მდიდრული ჩოხა მოუცვამს, ჩოხა ლურჯი ფუნჯებიანი სამასრებიითაა დამშვენებული.

,,ქართულ ეროვნულ ჩაცმულობაში წარმოდგენილი დიდგვაროვანის პორტრეტი უნიკალურია და ქართული რეალისტური ფერწერისათვის დღემდე უცნობ ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს.'' - აღნიშნავენ ხელოვნების მუზეუმში.

გარდა იმისა, რომ გამოსაკვლევია, თუ რომელი უფლისწულია გამოსახული ნახატზე, დასადგენია მხატვრის ვინაობაც. ხელოვნების მუზეუმის კომისიის წევრები ვარაუდობენ, რომ ტილო 1921 წლის ოკუპაციის დროს, მენშევიკური მთავრობის წევრებმა, სხვა საგანძურთან ერთად გაიტანეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები