ახალი ამბები
გორში გაქურდეს ბინები, სადაც კამერები იყო დამონტაჟებული
გორში, რამდენიმე ბინა გაქურდეს, რომლის ოთახები სათვალთვალო კამერებითაა დაცული.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებული გვიყვება, ვიდეოჩანაწერები პოლიციამ წაიღო. ვიდეოჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ მუშაობენ ქურდები ოთახში, შემდეგ კი გააქვთ ძვირფასეულობა და ტექნიკა.

კადრებიდან ირკვევა, რომ ქურდებისთვის ცნობილია ოთახში სათვალთვალო კამერების არსებობა, ამიტომ ისინი ისე იქცევიან, რომ კადრებში მათი იდენტიფიცირება არ მოხდეს. ერთ-ერთი ბინის გაქურდვის დროს, კამერა დააზიანეს, თუმცა მეპატრონემ კადრების შენახვა შესძლო.

მეორე დაზარალებული ყვება, რომ მისი კამერა ვერ გამორთეს, ამიტომ, მონაცემები მთლიანად შენახული აქვს.

ბოროტმოქმედები ნიღბით არიან, ხელთათმანები უკეთიათ. მათი იდენტიფიცირება ჭირს. როგორც ერთ-ერთი დაზარალებული გვიყვება, შემთხვევიდან თვეზე მეტი გავიდა და ჯერ შედეგი არ ჩანს.

როგორ შედიან ბინებში? ერთ-ერთი ვერსიით, ქურდები ბინებში ადვილად აღწევენ ე.წ. მეტალოპლასტმასის ფანჯრებიდან. ასევე, საგულისხმოა, რომ აღჭურვილნი არიან სათანადო ტექნიკით. კადრებში ჩანს, რომ ისინი მოძრაობენ საკუთარი ჩანთით, სადაც კარის გასაღები ხელსაწყოები აქვთ. ბინაში შეღწევის შემდეგ, კარს შიგნიდან კეტავენ. შემდეგ კი ტოვებენ ბინას.

გამოყენებულია თემატური ფოტო
Print

სტატიის გამოყენების პირობები