ახალი ამბები
,,ვცეკვავდი, სცენაზე გავიზარდე, მინდოდა მსახიობობა'' - სამშობიარო განყოფილების ექიმი ნინო შერმადინი
ნინო შერმადინი გორმედის მრავალპროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ქალთა კონსულტაციის განყოფილების ხელმძღვანელია. პროფესიით გინეკოლოგია. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ურთიერთობა აქვს უამრავ ქალ პაციენტთან, განსაკუთრებით ფეხმძიმეებთან.

კლინიკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა მასთან ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც ნინო შერმადინი იხსენებს იმ წლებს, როდესაც პროფესიის არჩევა უწევდა:

- სკოლას ვათავრებდი, ჩემი ძმა ადრეულ ასაკში დაოჯახდა, ხშირად მიწევდა პატარა ძმიშვილების მოვლა, ვფიქრობ სწორედ ამან განაპირობა ჩემი პროფესიის არჩევაც, ახალშობილების სიყვარულმა. პროფესიით გინეკოლოგი ვარ და ეს მეტად საინტერესოა, ჩემთვის პრიორიტეტულია ქალი პაციენტი, განსაკუთრებით ორსული, რადგან ფიზიოლოგიურად, ევოლუციურად, ანატომიურად ყველაზე საინტერესო არსება ქალია და დედა არის ყველაფრის საწყისი სამყაროში.

- რომ არა ექიმობა რა პროფესიას აირჩევდით?

- სცენაზე გავიზარდე, პროფესიონალი და საკმაოდ პოპულარული მოცეკვავე ვიყავი ბავშვობაში, მინდოდა მსახიობობა, გალა კონცერტებში ვიღებდი მონაწილეობას, გავდიოდი ბალეტის კლასს, ერთი ბედნიერება იყო ამის კეთება და გამიჭირდა კიდევაც სცენის დათმობა. თუმცა სწორად მოვიქეცი, რომ ექიმობა ავირჩიე. ამ გადმოსახედიდან, ცეკვა-თამაში იყო მხოლოდ ჩემი თავისთვის ცხოვრება და საკუთარი სურვილების დაკმაყოფილება, აქ, ისეთ ჰუმანურ პროფესიაში, როგორიც ექიმობაა უფრო მეტად რეალიზებული ვარ პიროვნულად. თუმცა ჩემი სულიერი საზრდო, ცეკვის, თეატრის, მუსიკის და კინემატოგრაფიის გარეშე დღემდე არ არსებობს, წარმოუდგენელიცაა ამის გარეშე ცხოვრება.

- რა დადებითი აქვს თქვენთვის გორმედის ახალ სამშობიარო სივრცეში გადმოსვლას? გაქვთ თუ არა წინსვლის, ზრდისა და კმაყოფილების განცდა?

-კმაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა. მრავალპროფილურ კლინიკაში სამშობიარო სივრცის არსებობა, მეტ შესაძლებლობას იძლევა, რომ იმართოს ისეთი ორსულების მდგომარეობა, რომელთაც თან ახლავთ გართულებები და საჭიროებენ დამატებით კვლევებსა და მკურნალობას. გართულებული შემთხვევების დროს კლინიკა, როგორც ერთი მექანიზმი ისე მუშაობს ჩართულია ყველა საჭირო განყოფილება და მიმდინარეობს მიზანმიმართული გადანაწილება.

- მოგვიყევით ოჯახის შესახებ:

- ვიმყოფები ქორწიებაში, მყავს ორი შვილი ქალ-ვაჟი და პატარა შვილიშვილი. უფროსი, ვაჟი არის ეკონომისტი, ფინანსისტი, პოლიტოლოგი, ხოლო ქალიშვილი პროფესიით არის საერთაშორისო ურთოერთობის სპეციალისტი და მუშაობს "მასწავლებელთა სახლში" პროექტების მენეჯერად.

- როგორ ათავსებთ ოჯახურ ცხოვრებას და პროფესიას ერთმანეთს?

- ზოგადად მიყვარს აქტიური ცხოვრება, მარტო პროფესია და ოჯახური არა, არამედ საზოგადოებრივიც, კულტმასობრივი საქმიანობა. კარგად ვათავსებ, რადგან აქტიური ცხოვრების გარეშე ყოფნა არ შემიძლია. მიყვარს თეატრი, სიმღერა, ცეკვა, ფილმების ყურება და სხვა... ვფიქრობ, რაც უფრო აქტიურია დამიანი, მით მეტი ენერგია აქვს და შესაბამისად ყველაფერს კარგად ათავსებს ერთმანეთს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები