ახალი ამბები
მთავარი არხის ჟურნალისტს ,,იმედის'' ოპერატორმა ხელი ჰკრა და აგინა
თბილისში ,,ვივამედის'' კლინიკის ეზოში ტელეკომპანია ,,იმედის'' ოპერატორმა მთავარი არხის ჟურნალისტს ხელი ჰკრა, შემდეგ კი აგინა.

ამის ამსახველი კადრები მთავარი არხის ეთერში გავიდა.

მთავარი არხი ითხოვს იმედის ოპერატორმა სამსახური დატოვოს.

,,პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს უამრავი ხარვეზი შეიძლება არსებობდეს, კადრიც აირიოს და რაღაც ვერ გათვალო, მაგრამ ასეთ რამეს მხოლოდ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანები აკეთებენ. ჩართვის დასრულების შემდეგ კი შენიშვნის გამო დედა აგინა ჟურნალისტს, რომლის დედის სიკვდილიდან ჯერ ორმოცი დღეც არ გასულა. ნატაშკა ჯახუტაშვილი პირდაპირ ეთერში იყო, იმედის გადამღები ჯგუფი არა! ამიტომ არც კადრი გაუფუჭებია თქვენთვის და ალბათ, ამ სინქრონიდან ნახევარზე მეტი ისედაც არ გავიდოდა თქვენს ეთერში' - წერს მთავარი არხის პროდიუსერი თეო გილიგაშვილი.

,,იმედის'' ოპერატორმა ნიკოლოზ წაველიძემ განცხადება გაავრცელა:

,,ძალიან ვწუხვარ "ვივამდთან" მომხდარი ფაქტის გამო. 20 წელია, რაც ამ საქმეს ვემსახურები და მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონია. ადგილზე ტელევიზიები ვმუშაობდით პირდაპირი ეთერის რეჟიმში, რა დროსაც მთავარი არხის ჟურნალისტის ჩართვის გამო, ხელი შეგვეშალა მუშაობის პროცესში. ყველა ვეუბნებოდით კადრიდან გაწეულიყო. ამის შემდეგ მინდოდა უბრალოდ გვერდით გამეწია ვერ მოვზოვე და ხელი ვკარი. პირდაპირი ეთერის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან უხეშად გამომივიდა და კიდევ ერთხელ ვწუხვარ ამის გამო. რაც შეეხება უკვე კადრს მიღმა განვითარებულ მოვლენებს, ამაზე თავის მართლებას ვერ დავიწყებ და ბოდიშს ვიხდი კიდევ ერთხელ.'' - წერს ნიკოლოზ წაველიძე.


Print

სტატიის გამოყენების პირობები