ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ თამარ მეარაყიშვილს ცილისწამების მუხლით წაყენებული ბრალდება მოუხსნა
სამოქალაქო აქტივისტ თამარა მეარაყიშვილს აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ 2017 წლის 16 აგვისტოს აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაიხურა. გადაწყვეტილება, დანაშაულის მტკიცებულების არარსებობის გამო, მიიღეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ,,ეხო კავკაზა'' ავრცელებს.

მეარაყიშვილმა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პროკურატურიდან დღეს მიიღო ოფიციალური შეტყობინება, რომ საქმე დახურულია. მისი თქმით, სახლის ჩხრეკა და მისი დაკავება უკვე უკანონოდ არის აღიარებული.

,,წერილი მივიღე- საქმე #N961705 დაიხუროს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ეს ნიშნავს - 2017 წლის 16 აგვისტოს აღძრული საქმე, რის საფუძველზეც დამაპატიმრეს, ჩატარებული პირადი და ბინის ჩხრეკა იყო უკანონო!- ამის დამტკიცებას მივუძღვენი 6 წელი და ბრძოლაში გატარებულ არცერთ დღეს არ ვნანობ! ასევე- მაქვს რეაბილიტაციის უფლება - ამინაზღაურდეს მორალური და მატერიალური ზიანი, რაც ამ წლებში გავიღე'' - წერს თამარა მეარაყიშვილი.

2017 წელს მეარაყიშვილს პირველად ცილისწამებაში დასდეს ბრალი „ერთიანი ოსეთის“ წევრის, სპარტაკ დრიაევის მიმართ. ის ყოველგვარი სანქციების გარეშე დააკავეს და ახალგორში მისი სახლი გაჩხრიკეს.

2020 წლის 17 იანვარს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ საბოლოოდ მოხსნა ეს ბრალდება. მან გენერალურ პროკურორს დაავალა საქმიდან ამოეღო ცილისწამებასთან დაკავშირებული ეპიზოდები და დაებრუნებინა სასამართლოს სხვა ეპიზოდების განსახილველად.

დარჩა ორი მათგანი - სამხრეთ ოსეთის პასპორტის უკანონო მოპოვება (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 324-ე მუხლი) და შეგნებულად ყალბი დოკუმენტის გამოყენება (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილი).


Print

სტატიის გამოყენების პირობები