ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს სხდომის პირდაპირი ეთერიდან გათიშეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში  სასჯელისგან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა განიხილება. ექსპრეზიდენტმა საზოგადოებისათვის უკრაინულ ენაზე მიმართვა ისურვა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა.

ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

რადიო თავისუფლების ცნობით, მოსამართლემ რამდენჯერმე უთხრა მიხეილ სააკაშვილს, რომ ქართულ ენაზე ელაპარაკა. ექსპრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მოსამართლეს მოუწოდა, დარბაზში მიეყვანათ თარჯიმანი, თუმცა მან ეს არ დააკმაყოფილა. გიორგი არევაძემ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ის ქართულად ლაპარაკობს, სხდომა ქართულ ენაზე მიმდინარეობს და ამიტომ მან სასამართლოს ქართულ ენაზე უნდა მიმართოს.

მას შემდეგ, რაც პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა კვლავ უკრაინულ ენაზე განაგრძო მიმართვა, ის მოსამართლემ პირდაპირი ეთერიდან გამორთო.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა, რის გამოც დარბაზში მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე გიორგი არევაძემ 200 ლარით დააჯარიმა.

სანამ მიხეილ სააკაშვილს პირდაპირი ეთერიდან გათიშავდნენ, მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ექსპრეზიდენტს მოუწოდა, ეჩვენებინა სასამართლოსა და საზოგადოებისათვის, რეალურად რა მდგომარეობაში იმყოფება - სთხოვა, წამომდგარიყო, პერანგი აეწია და სხეულზე არსებული დაზიანებები ეჩვენებინა.

როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ განაცხადა, ის სააკაშვილს ამის უფლებას ვერ მისცემდა და თუკი იგი პერანგის გახდას გადაწყვეტდა, პირდაპირი ეთერიდან გათიშავდა.



გაეცანით მასალებს უფრო ვრცლად რადიო თავისუფლების გვერდზე
Print

სტატიის გამოყენების პირობები