ახალი ამბები
დამატებით კიდევ ორი დღე გაგრძელდება ,,ფიფქია და 7 ჯუჯას'' ზღაპარი გორის თეატრში
,,მაყურებელთა თხოვნით დამატებით დაინიშნა სპექტაკლი ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა`` - ამის შესახებ განცხადებას გორის თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ალექსანდრე ელოშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი, პრემიერის გამართვის დღიდან, 3 იანვრიდან ანშლაგით მიმდინარეობს.

დამატებითი სპექტაკლები დაინიშნა 11 და 12 იანვარს დასაწყისი 17:00 საათზე. სპექტაკლი არის ორი მოქმედებითა და გასართობ შემეცნებითი ანტრაქტით.

ბევრი ელოდებოდა, რომ სპექტაკლი მთალიანად საბავშვო იქნებოდა, თუმცა სცენაზე მსახიობები რეალური ცხოვრების დეტალებს აცოცხლებენ. გაცოცხლებულ ზღაპარში თეატრის თითქმის ყველა თაობის მსახიობი მონაწილეობს. ფიფქიას, რომელიც დედინაცვალმა გააგდო სახლიდან, ემიგრაციაში მომვლელებს შორის ეძებენ. პრინცი და ფერიები ჯერ საბერძნეთში, შემდეგ იტალიაში გადავლენ. იქ კვარაცხელიას ფანებსაც გადაეყრებიან; ამერიკაში მექსიკის გავლით გადაიპარებიან, სადაც დააკავებენ კიდეც.
საბოლოოდ, ფიფქია ხაშურის შემოვლით გზაზე მომუშავე 7 მუშის სახლის მომვლელი აღმოჩნდება.

,,ამას მთავრობა არ უყურებს? რაც წარმოადგინეს, ყველაფერი რეალობაა და ცხოვრებაში რეალურად ხდება?'' - ამბობდნენ ბავშვების მშობლები.

ყველასათვის საყვარელი ზღაპრი "ფიფქია და შვიდი ჯუჯა", ძმები გრიმების პიესის მიხედვით, რეჟისორმა ალექსანდრე ელოშვილმა დადგა. სპექტაკლი ორი მოქმედებიანია, გასართობ-შემეცნებითი ანტრაქტით. პატარებისთვის ასევე მოწყობილია დამატებითი სივრცეები ზღაპრის გმირებთან და თოვლის ბაბუასთან შესახვედრად.


Print

სტატიის გამოყენების პირობები