ახალი ამბები
გორის მერიამ საკრებულოს ის საკაბელო არხები შეუძინა საყურებლად, სადაც მუდმივად აკრიტიკებენ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს
გორის მერის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ღვინიაშვილმა საკრებულოს ის არხები შეუძინა საყურებლად, სადაც გორის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს აკრიტიკებენ.

ხელშეკრულება 1-წლიანია. დოკუმენტს ხელს აწერს მაია ტატულაშვილი, რომელიც ტვ მონიტორინგის დამფუძნებელია. მაია ტატულაშვილი ასევე ტელეკომპანია ,,დიას'' დირექტორია.

ხელშეკრულების მიხედვით, საკაბელო კომპანია ვალდებულია ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი სატელევიზიო არხებით მუნიციპალიტეტი უზრუნველყონ. ამისთვის მერია 960 ლარს გადაიხდის.

მაია ტატულაშვილის დაფუძნებული ტვ მონიტორინგი ხშირად გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წინააღმდეგ სიუჟეტებს ამზადებს.

როგორც მერიაში გვითხრეს, სატელევიზიო არხები გათვალისწინებულია არა მერიის თანამშრომლებისთვის, არამედ - საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისთვის. მართლაც, საკაბელო არხების მიწოდების ადგილად მითითებულია საკრებულოს შენობის მისამართი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები