ახალი ამბები
სკოლაში პედაგოგს დირექტორის პრინტერი არ დაუზიანებია - იუწყება გორის პოლიცია
გორის #3 სკოლის კუთვნილი პრინტერის დაზიანების ფაქტზე გამოძიება შეწყდა.

ამის შესახებ გორის შს სამმართველოს გამომძიებელმა ილია ბაბლიძემ სპორტის მასწავლებელს თეა კეჩხუაშვილს აცნობა. წერილიდან ირკვევა, გამოძიება ჯერ კიდევ 2022 წლის 25 ნოემბერს შეწყდა, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

გორის მესამე სკოლის დირექტორმა ვახტანგ სუხიტაშვილმა პოლიციას 2022 წლის 2 ნოემბერს აცნობა, რომ მას კაბინეტში პედაგოგი თეა კეჩხუაშვილი თავს დაესხა და დაუმტვრია პრინტერი.

თითქმის 3-კვირიანი გამოძიების შემდეგ, ქონების დაზიანების ფაქტი არ დადგინდა. მანამდე სკოლის დირექტორისგან ვითხოვდით ქონების დაზიანების შესახებ, ინფორმაციას. სკოლის ადმინისტრაციამ გვაცნობა, რომ პრინტერის შესახებ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციაა.

თეა კეჩხუაშვილსა და სკოლის დირექტორს შორის ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც დირექტორმა თეა კეჩხუაშვილის გათავისუფლების ბრძანება გამოაქვეყნა.

ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ, პედაგოგსა და დირექტორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

პედაგოგმა ბრძანება ჯერ სამერუვეო საბჭოში გაასაჩივრა. სამეურვეო საბჭოს სხდომაზე სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ თეა კეჩხუაშვილი სკოლაში არ უნდა მუშაობდეს თუნდაც იმის გამო, რომ მას კაბინეტში ქონება დაუზიანა.

როგორც თეა კეჩხუაშვილი აცხადებს, დირექტორმა სამეურვეო საბჭოს წევრების წინაშე, არარსებული ფაქტით, მანიპულაცია მოახდინა.

,,სამეურვეო საბჭოს წევრების დაუმალა ის ფაქტი, რომ გამოძიება უკვე შეწვეტილი იყო. სამეურვეო საბჭოს სხდომა დეკემბერში გაიმართა. დირექტორმა დამალა ეს ფაქტი, არ უთხრა საბჭოს წევრებს, რომ დანაშაული არ მომხდარა.'' - აცხადებს თეა კეჩხუაშვილი.

რაც შეეხება ბრძანების საფუძველს, როგორც დირექტორი თავის გადაწყვეტილებაში წერს, პედაგოგმა სპორტის გაკვეთილი ჩაშალა, სხვა პედაგოგს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თეა კეჩხუაშვილის განმარტებით, სპორტის გაკვეთილი პირიქით მას ჩაუშალეს.

ფაქტსა და სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების კანონიერებას სასამართლო განიხილავს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები