ახალი ამბები
კომპანია ,,კულა'' მოსწავლეთა 3 პროექტს დააფინანსებს
კომპანია ,,კულა'' მოსწავლეთა 3 პროექტს დააფინანსებს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ვანო გოგლიძე შიდა ქართლში გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმს დაესწრო, სადაც გაეცნო მოსწავლეების მიერ შექმნილ პროექტებს. ბატონმა ვანომ ფორუმის მსვლელობისას განაცხადა, რომ „კულა“ დააფინანსებს სოფელ სვენეთის, სოფელ ხელთუბნის და სოფელ ფხვენისის სკოლების მოსწავლეთა იდეებს.

✔ სოფელ სვენეთის საჯარო სკოლის პროექტი სკოლის ეზოში ველოპარკინგის მოწყობას, ველომარათონის გამართვას და სპორტული დარბაზის აღჭურვას გულისხმობს.

✔ სოფელ ხელთუბნის მოსწავლეების პროექტი „ცისკარა“ მიზნად ისახავს სკოლის ეზოში სარწყავი სისტემის დამონტაჟებას და საცდელი სანერგე მეურნეობის მოწყობას.

✔ სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა პროექტი სოფელში სკვერის მოწყობას ითვალისწინებს.

გორში გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმზე კერძო სექტორის წარმომადგენლები მოსწავლეების მიერ შექმნილ 15 პროექტს გაეცნენ. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ხედვა გაეზიარებინათ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტების განხორციელებაში. ამავდროულად, სკოლა-ბიზნესის ფორუმზე კომპანიებმა მოსწავლეებს შესთავაზეს სტაჟირების შესაძლებლობები.

ღონისძიება გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ. ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ გარემოს დაცვის სპეციალისტი ნინო სუხიტაშვილი, კომპანია „კულას“ დირექტორი ვანო გოგლიძე, ლიბერთი ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი ტაპი ზაქარიაძე და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი.

შიდა ქართლის რეგიონში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორია საზოგადოება ბილიკი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები