ახალი ამბები
ზნაურის რაიონის სოფლებში: მუგუთსა და ჭორბაულში ,,ვეტერინარული ღობეები'' გაავლეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სოფლებში მუგუთსა და ჭორბაულში ე.წ. ვეტერინარული ღობეები გაავლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედია ავრცელებს. სააგენტო რესის ცნობით, მავთულები არ ემთხვევა ე.წ. საზღვარს, ის უფრო სოფლის შიგნითაა გავლებული და საქონლის შესაკავებლად გამოიყენება.

,,იმისათვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ვეტერინარული ღობეების დაყენება სახელმწიფო საზღვრის გადაცემის ფაქტად არ მიიჩნიოს, ადგილზე სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობასთან ახსნა-განმარტებით საუბრებს მართავენ.'' - წერს სააგენტო ,,რესი''



სოფელი მუგუთი ზნაურის რაიონს ეკუთვნის, ის ემიჯნება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანს. მუგუთს ცხინვალიდან ჟურნალისტები გუშინ ესტუმრნენ და ,,ვეტერინარული ღობე'' გადაიღეს.

სოფლის ადმინისტრაციის უფროსმა ალან ჯიოევმა განაცხადა, რომ მავთულის ღობე იმიტომ დამონტაჟდა, რათა პირუტყვის მეზობელ მხარეს გადაადგილება არ მოხდეს.

"აქ მავთული გაიჭიმა, რათა შეგეკავებინა პირუტყვი, რომელიც განსაკუთრებით ზაფხულში კვეთს საზღვარს. ეს ღობე არ აწუხებს უბრალო სოფლის მოსახლეობას. ჩვენ ყველა მშვიდად ვცხოვრობთ, არც ჩვენ გვერევა საქონელი და არც სხვას", - ამბობს სოფლის თავმჯდომარე.

სააგენტოს რესის ცნობით, მოსალოდნელია, რომ მოსახლეობამ ვეტერინარული ღობეების მონტაჟი საზღვრის გადაწევის ფაქტად მიიჩნიოს:

"სასაზღვრო პუნქტის წარმომადგენლებიც შეგვხვდნენ. მათ ყველაფერი გვიამბეს. ანუ გვითხრეს, რატომ ტარდება ეს სამუშაოები. საზღვარი კი 2016 წელს დაიწია და მას შემდეგ არ შეცვლილა", - უთხრა სააგენტო ,,რესს'' ადგილობრივმა მცხოვრებმა ალან ბესტაევმა.

სოფელ მუგუთში დღეს 20-მდე ოჯახი მუდმივად ცხოვრობს. სააგენტო რესის ცნობით, ვეტერინარული ღობეები ძირითადად მუგუთის მეზობელ სოფელ ჭორბაულში გაავლეს, იქ 6 ოჯახი ცხოვრობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები