ახალი ამბები
ოძისის საჯარო სკოლაში ამერიკული სივრცე გაიხსნა
"ოძისში, ისევე როგორც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებმა სხვა ადამიანებმა, კარგად იციან, რას ნიშნავს რუსეთის მიერ საქართველოს ოცი პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია. ჩემი თვალით ვნახე, როგორ ჩანს რუსეთის სამხედრო ბაზა ამ სკოლიდან. თქვენ იცით, რას ნიშნავს რუსეთის მიერ თქვენი ტერიტორიების მიტაცება და მის ჩრდილში ცხოვრება. ამის მიუხედავად, აღმაფრთოვანებელია სწავლისა და განვითარებისადმი თქვენი ურყევი სულისკვეთება." - განაცხადა აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ოძისის საჯარო სკოლაში ამერიკული სივრცის გახსნაზე.

როგორც აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ერთ-ერთი ხშირი თხოვნა, რასაც ქართველი პარტნიორებისგან იღებს საელჩო, არის მეტი ამერიკული სივრცის გახსნა.

,,დღეს ბედნიერები ვართ, რომ ასეთი ახალი სივრცე გაჩნდა სოფელ ოძისში. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ადგილობრივ მმართველობაში, ოძისის სკოლის ხელმძღვანელობასა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ ჰაბს, რომ ამ პროექტის რეალობად ქცევაში დაგვეხმარნენ.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

ოძისის ამერიკული სივრცე ნებისმიერ მსურველს უფასოდ სთავაზობს უამრავ რესურსსა და ღონისძიებებში ჩართვის შესაძლებლობას. ინგლისური წიგნები, სხვადასხვა თემატიკის კლუბები, განვითარების შესაძლებლობები, მოწვეული სტუმრები, დისკუსიები საინტერესო თემებზე, თანამედროვე ტექნოლოგიები და სხვა ბევრი რამ ახალგაზრდებს ელის ოძისის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე.




 

Print

სტატიის გამოყენების პირობები