ახალი ამბები
ქედმაღალი ხარირემი გორში დარჩება - ხაშურში კი ასლს გააკეთებენ
ხაშურის მუზეუმში იმ ქედმაღალი ხარირემის ასლს გააკეთებენ, რომელიც გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ამშვენებს.

ამის შესახებ ხაშურის მუზეუმის დირექტორის მოადგილემ მურად მთვარელიძემ გვითხრა, მისი ინფორმაციით, უნიკალური არქეოლოგიური მასალის გადაცემაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ასლის გაკეთებაზე იმსჯელეს.

,,რამდენადაც ვიცი, ამაზე /გადმოცემაზე/ არ ყოფილა საუბარი. ასლზე კი, ამასწინათ ვსაუბრობდით სწორედ, რომ ასლი გაკეთდეს და ჩვენთან გამოფენაში დაიდოს'' - გვითხრას მურად მთვარელიძემ.

ხარირემი გამოსახულია გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის ემბლებაზე, ხოლო უნიკალური არქეოლოგიური მასალა გორის მუზეუმის სავიზიტო არქეოლოგიურ ნიმუშს წარმოადგენს.

როგორც ირკვევა, ხარირემი აღმოჩენილია ხაშურში, კერძოდ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის ტერიტორიაზე. მიწის სამუშაოების დროს, 1948 წელს ერთ-ერთმა გლეხმა, სიმონ ბაგრატის ძემ შტააძემ იპოვა და გორის მუზეუმს გადასცა.

იმ პერიოდში არსებობდა გორის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. სწორედ ამიტომ მოხვდა ხარირემი გორში.

მიწის სამუშაოების დროს ხარირემს არ ჰქონდა უკანა კიდურები და ერთი რქა. ის შემდეგ რესტავრაციის დროს აღადგინეს და მიწათმოქმედების სიმბოლოდ ითვლება.







Print

სტატიის გამოყენების პირობები