ახალი ამბები
გორის პატრულმა დააკავა ქუთაისისკენ მიმავალი მძღოლი, რომელიც ამტკიცებს, რომ არ არის მძღოლი
გორის სასამართლოს მოსამართლემ დავით პაპუაშვილმა 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა მამაკაცს, რომელიც დღეს დილით დაახლოებით 9 საათზე, პატრულმა ავტობანზე დააკავა.

ადმინისტრაციული სახდელის მიხედვით, მამაკაცი არ დაემორჩილა პატრულის კანონიერ მოთხოვნას და წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს.

საქმის მასალების მიხედვით, მამაკაცი მანქანით ქუთაისისკენ მოძრაობდა. ის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა შეაჩერეს და ალკოტესტის ჩატარება შესთავაზეს.

მამაკაცმა არ ჩაიტარა ალკოტექსტი, რადგან მისი მტკიცებით, არ არის მძღოლი და არ არის ვალდებული შემოწმება ჩაიტაროს. რაც შეეხება ნამდვილ მძღოლს, მისი თქმით, მძღოლი ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გადავიდა მანქანიდან და არ იცის, სად წავიდა.

როგორც სხდომაზე მოსამართლემ გამოიკვლია, ასეთი პიროვნება არ არსებობდა.

პატრულის თანამშრომლებმა პროცესზე განაცხადეს, რომ ისინი თავდაპირველად უკან მიყვებოდნენ მანქანას, შემდეგ გაჩერება მოსთხოვეს. ხოლო მანქანიდან სხვა პიროვნება არ გადმოსულა.

რაც შეეხება ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნას, დაუდასტურდა თუ არა ეს ფაქტი მამაკაცს, ამის შესახებ შს სამინისტრის პრეს-სამსახურს კომენტარი ვთხოვეთ. შსს-ში გვითხრეს, რომ ეს პიროვნების კონფიდენციალური ინფორმაციაა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები