ახალი ამბები
ხაშურელ ,,მილიონერ ქველმოქმედს'' თანხა მერიამ აუნაზღაურა
ხაშურში 370 სოცდაუცველი ოჯახისთვის მერიამ პროდუქტები ვალერი გელაშვილისგან შეიძინა.

ამ ფაქტს 2023 წლის 7 თებერვალს შესყიდვების გვერდზე გამოქვეყნებული გადარიცხვის ქვითარი ადასტურებს.

ამ ქვითრის მიხედვით, 26 600 ლარი ვალერი გელაშვილის კომპანია ,,ივერიას'' ჩაერიცხა.

ხაშურის მერიის სოციალური სამსახურის უფროსის გიორგი ნოზაძის ცნობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით გამოყოფილ იქნა 370 კვების პროდუქტთა პაკეტი.

,,შპს "ივერიას" დირექტორთან ვალერი გელაშვილთან გაფორმდა ხელშეკრულება N 241 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რის საფუძველზეც მათ დაევალათ ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი კვების პროდუქტების პაკეტების დარიგება. კვების პროდუქტების პაკეტები გადაეცათ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს (363 ოჯახი და 7 სარეზერვო), რომელთა რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში 2022 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით 25 000 ქულას არ აღემატებოდა, გაიცა 345 პაკეტი, მიღება დადასტურებულია თითოეული მოქალაქის ხელმოწერით შესაბამის გრაფაში. 370 საკვები პროდუქტების პაკეტიდან 18 დარჩა გაუცემელი: 25 პროდუქტების პაკეტი (მათ შორის სარეზერვო 7 ), სულ 25 პაკეტი დაბრუნებულ იქნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში.'' - ატყობინებს გიორგი ნოზაძე მუნიციპალიტეტის მერს თენგიზ ჩიტიაშვილს.

ირკვევა ასევე, რომ საახალწლო დღეებში სოციალურად დაუცველებს ღვინო და არაყი დაურიგეს, კერძოდ, როგორც მერიის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული, სასმელები მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ გამოყო. დუგლაძეც ბიზნესმენია და მის სახელთანაა დაკავშირებული სწორედ ალკოჰოლური სასმელების კომპანია. როგორც მერიის განცხადებაში ვკითხულობთ, დუგლაძემ უსასყიდლოდ დაარიგა სასმელები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები