ახალი ამბები
სოფელ აფნისის ახალ ჭაბუღილში წყალი არ ამოვიდა, მშენებელი კი თანხას ითხოვს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნისში ინდმეწარმე იმ სამუშაოების ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც მან შემოდგომით განახორციელა.

მისი ინფორმაციით, როტორული ბურღვით მიწა 72 მ-ზე გათხარა, თუმცა თუ წყალი არ აღმოჩნდა, როგორც იგი განმარტავს, ეს მისი ბრალი არაა.

ინდმეწარმე მერიისგან 19200 ლარს ითხოვს.

ქარელის მერიაში აღნიშნავენ, რომ თავდაპირველად გასარკვევია, ნამდვილად 72 მ გაითხარა თუ არა. მერიის სპეციალისტებს ეჭვი აქვთ, რომ სავარაუდოდ არც 72 მ-ის სიღრმეზეა ნამუშევარი.

ჭაბურღილის სიღრმის გასაზომად ინდმეწარმე მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დაიბარეს, თუმცა ინდმეწარმე არ აპირებს აფნისში ასვლას. სოფელი აფნისი მთიან ზონაში მდებარეობს.

ინდმეწარმე ამტკიცებს, რომ მან ნამდვილად შეასრულა სამუშაოები, თუმცა თუ სიღრმე ნაკლები აღმოჩნდება, ალბათ მიწა ჩაიშლებოდაო.

როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, ქარელის მერია ახალი თხრილის გაკეთებას სხვა ტერიტორიაზე აპირებს.

სოფელია აფნისი უწყლოობას განიცდის. სოფლის მოსახლეობა ძირითადად წყაროს წყლებით სარგებლობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები