ახალი ამბები
გორში ,,ქალები ევროპული მომავლისთვის" პროექტის ფარგლებში შეხვედრა იგეგმება
პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ინიციატივითა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში "ქალები პოლიტიკაში ევროპული მომავლისთვის" 25 მარტს გორში ქალებთან ინტენსიური სამუშაო შეხვედრა გაიმართება. მსგავსი შეხვედრა უკვე გაიმართა რუსთავში და ასევე იგეგმება თელავში, სიღნაღსა და მარნეულში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას, გამოკვეთოს მათი როლი საზოგადოებაში, როგორც ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებისა და ევროპული პერსპექტივისთვის განვითარებისთვის.

,,დღეს, საქართველოში ხალხი აღარ არის ხელისუფლების წყარო. უკიდურესად გაღრმავებულია პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისი. ეჭვქვეშ დგება საქართველოს ევროპული მომავალი. ვხედავთ, რომ 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაშიც არ გვაქვს წინსვლა. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის განმავლობაში ერთი და იგივე სახეებია წარმოდგენილი პოლიტიკურ სცენაზე, რაც კიდევ უფრო ამცირებს ნდობას პოლიტიკისადმი. სამოქალაქო ჩართულობა, ახალგაზრდული ენთუზიაზმი და ენერგეტიკა ერთადერთი გამოსავალია საყოველთაო ნიჰილიზმის, უიმედობისა და უნდობლობის დასამარცხებლად. პროექტის "ქალები ევროპული მომავლისთვის" მიზანია დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერა განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებსა და დიდ ქალაქებში. მშვიდობიანი, პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტების არცოდნა ხელს აძლევს ხელისუფლებას გაიმყაროს ძალაუფლება და კვლავ გააღვივოს პოლარიზების პროცესი საზოგადოების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ. სწორედ აქტიური ქალების, ახალი აქტორების მხარდაჭრა და ევროპული მომავლისთვის საერთო ხედვების ხორცშესხმა არის ჩვენი პროექტის ამოცანა." - ,,სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნანა ტოხვაძე.

,,საქართველოში ჩატარებული სხვა და სხვა კვლევით დასტურდება, რომ ამომრჩევლის უმრავლესობა ემხრობა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას. საქართველოს მოსახლეობის 65% უჭერს მხარს გენდერულ კვოტირებას, 60%-ის აზრით, ქალების მეტი ჩართულობა პოლიტიკაში დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის განვითარებაზე. ქალების 85% და კაცების 58% ფიქრობს, რომ კარიერაში ქალებს უფრო მეტი დაბრკოლების გადალახვა უწევთ, ვიდრე კაცებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება, როგორც საგანმანათლებლო აქტივობებით ისევე ერთმანეთის სოლიდარობითა და თანადგომით. რუსთავის შემდეგ თელავში, სიღნაღში და მარნეულში გავმართავთ შეხვედრებს, სასიამოვნოა რომ პროექტში ჩართვის მსურველთა რაოდენობა მზარდია და იმედი მაქვს გორშიც ძალიან საინტერესო და საიმედო ქალებს გავიცნობთ. მადლობას ვუხდი ამ შესაძლებლობისთვის ფრიდრიხ ნაუმანის ფონდს თავისუფლებისთვის" - ,,სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თეონა ჭალიძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები