ახალი ამბები
ხაშურის წყალმომარაგებისთვის ევროკავშირი 7,55 მლნ ევროს, ხოლო საფრანგეთის მთავრობა - 58 მლნ ევროს დახარჯავს
ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების აღდგენის სამუშაოებისთვის თანხები დაიხარჯება როგორც ევროკავშირისგან, ასევე საფრანგეთის მთავრობისგან.

2020 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ააღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ევროკავშირის წილია 7,55 მილიონი ევრო, ხოლო საფრანგეთის მთავრობის წილი - 58 მლნ ევრო.

ხელშეკრულებას ხელი 2020 წლის 31 ივლისს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა, და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული სააგენტოს დირექტორმა, გაელ ასაიაგმა, ხელი მოაწერეს.

პროექტის მიზანია ქალაქ ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემების შექმნა.

ამჟამად ხაშურის მუნიციპალიტეტს წყალი დღეში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში მიეწოდება, ხოლო ნარჩენი წყლები ტრანსსასაზღვრო მდინარეში გაუწმენდავი სახით ჩაედინება, რაც უარყოფით ზემოქმედებას ახდენს გარემოზე, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე.



პროექტს განახორციელებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (UWSCG), წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სახელმწიფო ოპერატორი კომპანია.

პროექტი ასევე მიზნად ისახავს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (UWSCG) შესაძლებლობების გაძლიერებას, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურაში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ინვესტიციების მდგრადობის უზრუნველსაყოფად.”

ამ პროექტით საფრანგეთი, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მეშვეობით და ევროკავშირთან ერთად, “ევროპის გუნდის” სახელით საქართველოს დაეხმარება ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და ევროკავშირის გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვაში.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად ვიწყებთ ახალ პროექტს საქართველოს წყლის სექტორში. ამ პროექტის მიზანია, გააუმჯობესოს ხაშურში მცხოვრები იმ ძალიან ბევრი ადამიანის ყოველდღიური ყოფა, რომლებსაც არ აქვს წვდომა სუფთა წყალზე და წყალარინების მომსახურებაზე. პროექტი ასევე უზრუნველყოფს ნარჩენი წყლების გაწმენდას, რაც მიმდებარე მდინარეებსა და ნიადაგს დაბინძურებისგან დაიცავს. აქედან გამომდინარე, პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადამიანების ჯანმრთელობის, გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში,“ - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დომენიკ პაპენჰეიმმა.



საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) არის მრავალმხრივი სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტი და საფრანგეთის განვითარების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი.

საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) აფინანსებს სხვადასხვა დარგებს - სოფლის მეურნეობას, ენერგეტიკას, ჯანმრთელობის დაცვას, ბიომრავალფეროვნებას, წყალს, ტრანსპორტსა და ურბანულ განვითარებას, ციფრულ ტექნოლოგიებს, ტრენინგებს - და მხარს უჭერს უფრო უსაფრთხო, უფრო სამართლიანი და უფრო მდგრადი სამყაროს შექმნას. 85 სააგენტოსგან შემდგარი ქსელის საშუალებით, საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) 115 ქვეყანაში მუშაობს.

2019 წელს სააგენტომ პროექტების დასაფინანსებლად 14 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო.2016 წელს თბილისში რეგიონული ოფისის გახსნის შემდეგ, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და საქართველოს შორის წარმატებული თანამშრომლობა დამყარდა, რამაც განაპირობა 480 მილიონი ევროს ვალდებულებების აქტიური პორტფელის შექმნა სოფლის მეურნეობის, წყლის, სოციალური დაცვისა და ურბანული მობილობის სექტორებში. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები